არღვევს თუ არა კანონს დეპუტატი გოგი თოფაძე?

არღვევს თუ არა კანონს დეპუტატი გოგი თოფაძე?

საქართველოს კანონმდებლობა აქტიურ ბიზნესმენს საჯარო სამსახურში დასაქმებას უკრძალავს. თუმცა, რა შემთხვევაში ითვლება ბიზნესმენი არა მოქმედად და არის თუ არა საკმარისი ფურცელზე მისი ქმედითობის წაშლა? რას ვერ აჩვენებს მოწესრიგებული დოკუმენტაცია, სადაც ყოფილ ბიზნესმენს წილები არ აქვს და როგორც წესი, მისი ახლო გარემოცვა მართავს ყველაფერს? შეიძლება თუ არა პარლამენტარმა და ყოფილმა ბიზნესმენმა დეტალურად იცოდეს, რას და როგორ საქმიანობს მისი ახლო გარემოცვა და რჩევებსაც იძლეოდეს? ირღვევა თუ არა ამით კანონი და უნდა იმსჯელოს თუ არა საპროცედურო კომიტეტმა მსგავს შემთხვევებზე?

ამდენი კითხვა ერთი სატელევიზიო ინტერვიუდან დაგროვდა, სადაც პარლამენტარმა გოგი თოფაძემ სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ავტობუსების შესაძლო წარმოებაზეც ისაუბრა და გაამახვილა საკუთარი აქცენტები.

გავიხსენოთ, თუ რაზე ისაუბრა გოგი თოფაძემ რამდენიმე დღის წინ, რაც ასე ვთქვათ ამ თემის ინსპირაციაც გახდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გადაცემაში ქვეყნის ეკონომიკის და ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პოტენციალზე ვრცლად ილაპარაკა. მათ შორის იყო საქართველოში ავტობუსების წარმოების დაწყების თემა, რაზეც ბოლო თვეების განმავლობაში ხშირად იყო საუბარი და ნიადაგიც მზადდებოდა.

"როცა ნახეს ჩვენმა სტუმრებმა, ჰოლანდიის ცნობილმა ფირმამ ჩვენი ყვითელი ავტობუსები და საცობები ქუჩაში, ყველაფერი შეისწავლეს და შემოგვთავაზეს, რომ ჩვენ აგიშენებთ. მაგთთან დიდი ხანია კონტაქტი აქვს ჩვენს კომპანიას. გადაწყდა, ჩამოვიდნენ, დაათვალიერეს, რამდენიმე ადგილი ნახეს ქუთაისში, სამტრედიაში მოეწონათ და შემოგვთავაზეს იმპირობით, რომ თუ პირველი 5 წელი თბილისში 650 სხვადასხვა გაბარიტის ავტობუსი გაკეთდება და შეიძენთ, მზად ვართ თქვენთან ვითანამშრომლოთ. გარდა ავტობუსებისა, გვთავაზობენ სასწრაფო დახმარების მანქანებს, სახანძრო მანქანებს’’-აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატი პირველ პირში საუბრობს - „ჩვენ შევხვდით“ „ჩვენს კომპანიას ჰქონდა კონტაქტი“ და ა.შ. თუმცა, არ დაუსახელებია, რომელ კომპანიას გულისხმობდა. ამიტომ მეტი კონკრეტიკისთვის თავად გოგი თოფაძეს დავუკავშირდით.

დეპუტატი ირწმუნება, რომ ის პირადად არ არის დაინტერესებული და უბრალოდ მომლაპარაკებლის როლს ასრულებს, მაგრამ არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა „ჩვენს კომპანიაში“.

გარდა ამისა, ,,ბიზნესკონტაქტში’’ სტუმრობისას, როცა წამყვანმა საქართველოში ავტობუსების წარმოებით ბელარუსების ინტერესის შესახებ გააკეთა აქცენტი და დასვა კითხვა - ხომ არ მოხდება არჩევანის გაკეთება, გოგი თოფაძემ ჰოლანდიური კომპანია ფაქტობრივად უალტერნატივოდ მიიჩნია.

"ბელორუსიის ვარიანტი ახლა გამოჩნდა, მაგათ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ სოფლის მეურნეობის ტექნიკის, მაგალითად ტრაქტორები, სათესები და ა. შ. აქ შეიძლება მაგათთან თანამშრომლობა მე ასე მიმაჩნია. რაც შეეხება ამ ორ ვარიანტს, შეიძლება უფრო მისაღები იყოს ჩვენთვის, მაგრამ არ მგონია, რომ კონკურენცია გაუწიოს იმ ფირმას, რომელიც გვთავაზოვს ჩვენ’’-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ.

მართალია, როგორც თავად ამბობს, გოგი თოფაძე უბრალოდ მომლაპარაკებელია და ჩვენთვის უცნობია ვინ იქნება ჰოლანდიელების პარტნიორი საქართველოში, თუმცა დეპუტატმა იცის, რომ ჯამში 600-700 ადამიანი დასაქმდება, ვიდრე სხვა დეტალებიგაირკვევა, ,,ბიზნესკონტაქტი’’ შეეცადა გაგვერკვია, ირღვევა თუ არა ამით კანონი და უნდა იმსჯელოს თუ არა პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მსგავს შემთხვევებზე?

IDFI-ის ანალიტიკოსი გიორგი კლდიაშვილი ამბობს, რომ რადგან "საჯარო სამსახურის შესახებ კანონის" მიხედვით, მოხელეს არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება, ისინი იურიდიულად ტოვებენ თანამდებობას, ხდებიან აქციონერები, ხშირად ოჯახის წევრებზე აფორმებენ კომპანიას, მაგრამ რეალურად ბიზნესსაქმიანობაში ჩართულებად რჩებიან.

"ის არ უნდა ეწეოდეს სხვა საქმიანობას, გარდა იმისა, რასაც ჰქვია საჯარო სამსახურში მისი უფლებამოსილების განხორციელება. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბატონი გოგი აქ საუბრობს, როგორც კომპანიის მფლობელი, აქციონერი, რომელიც ღებულობს მხოლოდ დივიდენდს და არა, როგორც კომპანიის უშუალოდ საქმიანობაში ჩართული პიროვნება. სხვა მხრივ, ეს გამოდის კანონის დარღვევა და აკრძალულია’’,- განმარტა IDFI-ის ანალიტიკოსმა გიორგი კლდიაშვილმა.

უფრო კრიტიკულია ექსპერტი ლევან ალაფიშვილი. მისი თქმით, დეპუტატ გოგი თოფაძის მიერ გაკეთებული განცხადებით საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უნდა დაინტერესდეს.

"არსებობს ფორმალობის საფუძველი ამ განცხადებების შემოწმებისა და პროცედურების დაწყებისთვის პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომიტეტში. იმის შესამოწმებლად ხომ არ აქვს ადგილი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დარღვევას. მართალია, დირექტორი შესაძლოა არ იყოს საჯარო მოხელე, ამა თუ იმ კომპანიაში მას წილის ფლობის უფლება აქვს, მაგრამ თუ კი იგი ფაქტობრივი მდგომარეობით იღებს გადაწყვეტილებებს, ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, ეს ყველაფერი არის მინიმუმ შესწავლის და მაქსიმუმ რეაგირების საგანი’’,- აღნიშნა ექსპერტმა ლევან ალაფიშვილმა.

რადგან კითხვები გაჩნდა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი კახიანს ,,ბიზნესკონტაქტმა’’ გოგი თოფაძის ინტერვიუ გადაუგზავნა. მან ინტერვიუს გაცნობის შემდეგ სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადა, თუმცა სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ დეპუტატის მხრიდან ასეთი განცხადებების გაკეთება რეკომენდირებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ავტობუსების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების წარმოების უფლება მხოლოდ მიმდინარე წლიდან მიეცა. შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმების წევრობის შესახებ დოკუმენტი საკანონმდბელო ორგანომ 2014 წლის დეკემბერში მიიღო.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა, რომ ინვესტორები საქართველოში სატრანსპორტო საშუალებების აწყობით იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა კონკრეტიკისგან  მინისტრის მოადგილე მაშინ თავს იკავებდა.

ბიზნესკონტაქტი