თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდება.
ხიდაშელი უწყებაში ხვალ, 10:00 საათზე მივა და უწყების თანამშრომლებს თავდაცვის ყოფილ მინისტრ მინდია ჯანელიძესთან ერთად შეხვდება. როგორც ხიდაშელმა გუშინ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მინდია ჯანელიძე მას "ოფიციალურად გადმოაბარებს სამუშაო ოთახს და სამუშაო რეჟიმს".
თინა ხიდაშელი განახლებულ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს. პრემიერ-მინისტრმა მისი დანიშვნის ბრძანება უკვე გამოსცა, თუმცა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს. რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მინდია ჯანელიძეს, ის კვლავ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს უხელმძღვანელებს.