პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით არ შეიცვლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ განუცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის წინადადებები შემადგენლობასთან დაკავშირებით არ გადაიხედება. "მთავრობის შემადგენლობის განხილვას დღევანდელ სხდომაზე ყველაზე ნაკლები დრო დავუთმეთ. გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ზოგადად გავიარეთ ეს თემა, თუმცა მსჯელობა არ ყოფილა. სერიოზული საუბარი იყო საგარეო აქტივობებთან დაკავშირებით, მინისტრების ვიზიტებზე, განვიხილეთ IBღDI-ს კოფრენციის საკითხი", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება ლერი ხაბელოვის განცხადებას, რომ სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილი ტარიელ ხეჩიკაშვილი ლევან ყიფიანის კადრია და გააგრძელებს იგივე პოლიტიკას, რაც ჰქონდა ყიფიანს, ვოლკსის თქმით, სპორტის კომიტეტს ექნება შესაძლებობა ხეჩიკაშვილითან გაიაროს ყველა ის საკითხი, რაზეც შენიშვნები აქვს. ვოლსკის განცხადებით, ხეჩიკაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსენსუსი მიღწეულია, რომელიც არ შეიცვლება. მისივე თქმით, ხეჩიკაშვილის ამ თანამდებობაზე წარდგენა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაა.
"ზოგადად, მივესალმები სპორტის კომიტეტის წინადადადებებსა და შენიშვნებს, რომელიც აქვთ სპორტის განვითარების მიმართულებით. კომიტეტს ექნება საშუალება ხეჩიკაშვილთან გაიაროს ის საკითხები, რაც ჰქონდათ ლევან ყიფიანის მინისტრობის დროს და გაიგონ მისი ხედვა ამ საკითხებთან მიმართებაში", - განაცხადა ვოლსკიმ.