"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მთავრობაში განხორციელებულ ბოლო საკადრო ცვლილებებში ისეთი ლოგიკაა, რაც ქვეყნის ცხოვრებაში და მმართველობაშია ბოლო 3 წლის განმავლობაში. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "კურიერში" საუბრისას განაცხადა. ამით უპასუხა კითხვას, რამდენად ლოგიკურია ცვლილებები, რომელიც მთავრობაში განხორცილდა.
"ეს იგივენაირი ლოგიკაა, რასაც ვისმენთ ხოლმე ივანიშვილისგან. მთელი საქართველო უსმენდით რამდენიმე დღის წინ მას, როდესაც გაახსენეს მისი პროგნოზი რამდენად გამართლდა, რომ მესამე წელი ძალიან კარგი იქნებოდა და ჯიბეზე დაგეტყობათო, თქვა, ყველაფერი გამართლდაო. ეს იგივე ლოგიკაა, როცა ვისმენთ ფორმალური პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილისგან, მეწარმეებს შევხვდი და მითხრეს, ასეთი კარგი წელი არ გვქონიაო, მაშინ როცა ინგრევა ქვეყნის ეკონომიკა. ეს იგივე ლოგიკაა, როცა გვესმის ფინანსთა მინისტრისგან, კრიზისი საერთოდ არ არის და ამიტომ გეგმაც არ ექნება, მერე ამბობს, რომ ეს "შოკუნიაა".
როცა ქვეყანას მართავს ერთი ძალიან მდიდარი, საკუთარ თავზე და საკუთარ გენიაზე არაადეკვატურად და არაჯანმრთელად შეყვარებული ადამიანი, ივანიშვილი, რომელსაც ჰყავს თოჯინები მთავრობაში, რომლებიც არაფერს არ წარმოადგენენ არც პოლიტიკურად, არც გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, თუნდაც არაპოლიტიკურ საკითხებში, ესენი თოჯინები არიან, ხედვა არ გააჩნიათ, ენერგია არ გააჩნიათ, აი ამ ლოგიკით გრძელდება.
ამ კაცს უყვარს ამ თოჯინებით თამაში. გაბრაზდება ერთ თავის თოჯინაზე, მერე სჯის იმას უცნაურად, მეორე უყვარს. მაგალითად თავისი საყვარელი დეიდაშვილი, უჩა უყვარს და მას ჩააბარა სტრატეგიული მიმართულება. ესეც ამ ლოგიკის ნაწილია", - განაცხადა ბოკერიამ.