თინა ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმეზე კომენტარს არ აკეთებს

თინა ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმეზე კომენტარს არ აკეთებს

თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი თინა ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. აღნიშნულის მიზეზად ის ჟურნალისტებთან საუბარში იმას ასახელებს, რომ შესაძლოა, მისი განცხადება ვინმეს მხრიდან სასამართლოზე ზეწოლად იქნას აღქმული.

"ამ საკითხზე უკვე გავაკეთე კომენტარი და ჩემი მინისტრობის განმავლობაში ყოველ დილა-საღამოს აღნიშნულ კითხვას თუ არ დამისვამთ, დროს თქვენც მოიგებთ და მეც. მე ვარ პოლიტიკური თანამდებობის პირი, საქმე არის პროკურატურაში და სასამართლოში. შესაბამისად, ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც მე ამ საქმეზე ვიტყვი, აუცილებლად იქნება აღქმული რომელიმე მხარის მიერ, როგორც ზეწოლა სასამართლოზე, ამას მე არ გავაკეთებ, არასდროს ეს არ გამიკეთებია და არც ახლა დავარღვევ ამ პრინციპს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი თინა ხიდაშელის განმარტებით, "ეს ძალიან ჩვეულებრივი პროცესია".

"მოადგილეები გადამდგარია, ეს ბუნებრივი და ძალიან ჩვეულებრივი პროცესია", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.