ოთარ დანელია:   არსად არ მივდივარ და მე მგონი, არავინ არსად არ მიშვებს

ოთარ დანელია: არსად არ მივდივარ და მე მგონი, არავინ არსად არ მიშვებს

მთავრობის ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მივიდა. როგორც დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.

"ეს არის ჩვეულებრივი შეხვედრა, რომელსაც პერიოდულად, ფაქტობრივად ორ-სამ დღეში ვმართავთ ხოლმე, ძალიან ბევრი შეხვედრაა დაგეგმილი. ჩამოდის ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი და მოსამზადებელ სამუშაოებზე გავივლით კონსულტაციებს. ასე, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ მთავრობის შემადგენლობა ისევ გადახალისდეს და რამდენად გამორიცხავს, რომ ცვლილება პირადად მას შეეხოს, სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, მისი უწყება წარმატებით საქმიანობს და შესაბამისად არსად წასვლას არ აპირებს.

"ბოლო ინფორმაციაა ის, რაც თქვენთვის ცნობილია. რაც შემეხება პირადად მე, ჯერ არ ვაპირებ არსად წასვლას. ვფიქრობ, რომ სამინისტრო წარმატებულად აგრძელებს საქმიანობას, ამიტომ ამის მიზეზიც არ არსებობს. თუ სხვა კონფიგურაცია იქნება მოაზრებული, მე გუნდში დავრჩები ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ დღეს ამაზე საუბარი ნამდვილად არ არის, თუ იქნება კონფიგურაციის ცვლილება, ეს შეიძლება იყოს ალბათ მხოლოდ გადაადგილების კუთხით, მაგრამ ამ ეტაპზე ბოლო ინფორმაციაა ის, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია. ასე, რომ მე არსად არ მივდივარ და მე მგონი, არავინ არსად არ მიშვებს", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

პრემიერ-მინისტრი ამ წუთებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილ ტარიელ ხეჩიკაშვილს ხვდება. სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა სავარაუდოდ, სწორედ ხეჩიკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დაიწყება.