"პროკრედიტ ბანკიდან" 15 000 ლარი, 9 000 დოლარი და 5 000 ევრო გაიტაცეს

ყაჩაღობაში ბრალდებულმა "პროკრედიტ ბანკიდან" 15 000 ლარი, 9 000 აშშ დოლარი და 5 000 ევრო გაიტაცა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული საკუთარ ბინაში დააკავეს და გატაცებული თანხა ამოიღეს.

ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ვარლამ მ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულმა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "პროკრედიტ ბანკი" დააყაჩაღა, საიდანაც 15 000 ლარი, 9 000 აშშ დოლარი და 5 000 ევრო გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში მის საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ამოღებულია ყაჩაღობის შედეგად დაუფლებული თანხა.        გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში