საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობის ფორმირების საკითხზე პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარისგან "საქმის კურსში" იყო, თუმცა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის "ბოლო ვერსია" ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენციაზე მოისმინა.
როგორც მარგველაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმირება პრემიერის პრესკონფერენციიდან დაახლოებით 10 წუთში მოხდა.
"მე გუშინ საღამოს მქონდა კომუნიკაცია ღარიბაშვილთან, ასევე უსუფაშვილთან. საუბრის დეტალებს ვერ გავამხელ, მაგრამ გეტყვით, რომ ეს იყო საქმის კურსში ჩაყენება. ჩემი პოზიცია ცნობილი იყო, თუმცა ქმედებები, ბუნებრივია, არ გამივლია. ეს არ იყო კონსულტაცია, ეს იყო საქმის კურსში ჩაყენება. მე მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ეს განხორციელდა. გეტყვით დინამიკასაც და იმედია, ეს ყველაფერს ნათელს მოჰფენს - მე ვიყავი საქმის კურსში ჩაყენებული, მაგრამ დინამიკა ისეთი სისწრაფით იცვლებოდა, რომ შემადგენლობის შესახებ ბოლო ვერსია მაშინ ვნახე, როცა ტელევიზორში ვუსმინე ბატონ ირაკლის. როცა მოვისმინე საბოლოო პოზიცია, ალბათ 5-10 წუთში, ჩემი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჩააყენა საქმის კურსში მთავრობის ადმინისტაცია როგორც ჩემი პრესკონფერენციის, ისე იმის შესახებ, რომ საჩქარო უკვე აღარაფერი აღარ იყო", - განაცხადა პრეზიდენტმა.
გარდა ამ საკითხისა, პრეზიდენტი გადაცემაში გამოეხმაურა შეკითხვას, უნდა მომხდარიყო თუ არა ეკონომიკური გუნდის მინისტრების შეცვლაც. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მინისტრებზე კომენტარს არ გააკეთებს, მაგრამ ეკონომიკურ ვითარებას გამოსწორება სჭირდება.
"მე მინისტრებზე კომენტარს არ გავაკეთებ, თუმცა მინდა გითხრათ ის, რომ ეკონომიკურ ვითარებას ნამდვილად სჭირდება გამოსწორება. სხვათა შორის, დღეს მოვისმინე კომენტარი, რომ თურმე ლარის კურსზე ჩემმა გადაწყვეტილებამ მოახდინა გავლენა. მე ლარის სტაბილურობასთან მიმართებაში რისი გაკეთებაც შემიძლია და რისი კომპეტენციაც პრეზიდენტს ამ ნაწილში აქვს, მაქსიმალურად ვაკეთებ. ეს არის ქვეყნის პოპულარიზაცია ინვესტორებთან და მისი ჩართვა მნიშვნელოვან საერთაშორისო პროცესებში", - აღნიშნა პრეზიდენტმა, რითაც ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ "ლარის კურსზე ზეგავლენას პოლიტიკური გაურკვევლობა ახდენს".