ტექსტილის ბიზნესი კოტრდება

ტექსტილის ბიზნესი კოტრდება

"საგადასახადო კოდექსში" 2014 წლის 12 დეკემბერს შესული ცვლილებები ტექსტილის ბიზნესს, როგორც ჩანს ძვირი დაუჯდება.

 კანონი სამკერვალო ინდუსტრიას აღნიშნული პერიოდიდან დამატებითი ღირებულების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუმცა გასულ წლებში შესრულებულ ოპერაციებს უბეგრავს. დგას თუ არა  სამკერვალო ბიზნესი დახურვის საფრთხის ქვეშ და როგორ ხდება ანტიბიზნესურ გადაწყვეტილებას ტექსტილის ინდუსტრია. 

2014 წლის 12 დეკემბერს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით საქონლის გადამუშავების დროს გაწეული მომსახურება დღგ-ს გადასახადისგან ოფიციალურად გათავისუფლდა.

თუმცა, ამ ბიზნესს დღგ-ს შემოსავლების სამსახური კანონის ძალაში შესვლამდეც არ არიცხავდა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ტექსტილის ინდუსტრია 2014 წლის 12 დეკემბრამდე პერიოდის განმავლობაში დაგროვილი დღგ-ს გადახდა მოუწევს.


აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურში ასეთი განმარტებები გაკეთდა: - საგადასახადო კოდექსში 2014 წლის 12 დეკემბრის კანონით, საგადასახადო კოდექსს დაემატა ,,ჩ’’ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვიტაც დღგ-ისგან  გათავისუფლდა სასაქონლო ოპერაციის განმახორციელებლის მიერ მომსახურების გაწევა. წინამდებარე ცვლილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე და იგი არ ვრცელდება შესაბამისი ცვლილებების ძალაში შესვლამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე.

"sაგადასახადო კოდექსში" შესულ ცვლილებას უკვე მოჰყვა ტექსტილის ბიზნესის მღელვარება. როგორც სამკერვალო ფაბრიკა ,,ელ ჯი’’- ს დამფუძნებელი ლაურა ღაჭავა აცხადებს, თუ დღგ-ს გადახდა 2014 წლის დეკემბრამდე გაწეულ მომსახურებაზე გავრცელდება, იძულებული გახდება ფაბრიკა დახუროს.

"ჩვენ ძალიან დიდი პრობლემა შეგვექმნება იმიტომ, რომ კაპიკებს გვიხდის უცხოელი, რომელიც გახლავთ ცნობილი ბრენდები, არ გადაგიხდიან დღგ-ს და გავლენ ესენი და მე იძულებული გავხდები, რომ ფაბრიკა დავხურო. 300 ქალს, რომელსაც ვაჭმევ და უფასო ტრანსპორტი აქვთ და ყველას გამოსდის 500-600 ლარი ხელფასი, არც ერთს არ დავტოვებ და წასაღებს ჩავაბარებ ფინანსთა სამინისტროს’’- აღნიშნა შპს ,,ელ ჯი’’-ს  დამფუძნებელმა ლაურა ღაჭავამ.

როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, გადასახადის გადამხდელები დაგროვილი დღგ-ს გადახდას შემსუბუქებული პირობებით შეძლებენ.

საგადასახადო ვალდებულებების შემსუბუქების მიზნით, საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს საგადასახადო დავალიანების გადავადების გადახდევნების გადავადებისა და საგადასახადო შეთანხმების ინსტიტუტებს, რომლითაც გადასახადის გადამხდელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობის უფლებამოსილება გააჩნიათ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო შემოწმებები უკვე დაიწყო აჭარაში მდებარე ტექსტილის საწარმოებში. გადასახადების დაკისრების პარალელურად კი ზოგიერთი ინვესტორი ბიზნესის საქარველოდან გატანაზე ფიქრობს. როგორც ჩანს, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები ისევ გადაიხედება.

ბიზნესომბუდსმენის აპარატი გამოსავლის მოძებნის მიზნით, ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ფინანსთა სამინისტროსთან. როგორც ბიზნესომბუდსმენის მოადგილე განმარტავს, რატომ არ იხდიდნენ დღგ-ს საწარმოები კანონის ამოქმედებამდე, ამის შსახებ გამარტებები შემოსავლების სამსახურმა უნდა გააკეთოს. თუმცა, თუ საწარმოებს კანონის ამოქმედებამდე  პერიოდზე დღგ-ს დაარიცხავენ, ეს ბიზნესი ასეთ ტვირთს ვერ გაუძლებს.


,,დღეს მინდა დაგიდასტუროთ, რომ საგადასახადო ომბუდსმენის აპარატს აქვს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია და მოლაპარაკება ფინანსთა სამინისტროსთან და შემოსავლების სამსახურთან. ეს საგადასახადო შეღავათის ამოქმედებამდე პერიოდში არ მოხდეს ამ გადამხდელების მიმართ დღგ-ს დარიცხვა და მათთვის გადახდის ვალდებულებების დაკისრება. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ამ საკითხზე, ვეძებთ გამოსავალს, რომ რა ფორმით შეიძლება ავაცილოთ ამ ხალხს ეს დღგ, რომელიც ან არ დარიცხვიათ საგადასახადო ორგანოს მიერ, ან თვითონ არ დაუდეკლარებიათ და არ გადაუხდიათ. ის, ვისაც დადეკლარებული აქვს და გადახდილი აქვს, ცხადია, ეს მათზე არ გავრცელდება’’- აღნიშნა ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა.

როგორც ირკვევა,  საგადასახადო კოდექსში არსებულ ხარვეზებზე როგორც ბიზნესი, ისე ფინანსთა სამინისტროც თანხმდება. თუმცა, როდის შევა მორიგი ცვლილებები კოდექსში განხილვის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ბიზნესკონტაქტი