ხადურის ცოლის და, ცოლის დეიდაშვილები, მეგობარი და პროკურორის და - ნეპოტიზმი ფინანსთა სამინისტროში?

ხადურის ცოლის და, ცოლის დეიდაშვილები, მეგობარი და პროკურორის და - ნეპოტიზმი ფინანსთა სამინისტროში?

„პირველი რადიოსთვის“ ცნობილი ხდება ფინანსთა სამინისტროში ნეპოტიზმით დასაქმებულ თანამშრომელთა მორიგი სია. წყაროს ინფორმაციით, დასაქმებულები ძირითადად ნოდარ ხადურის მეუღლის- ნინო ცირეკიძის მეგობრები და ნათესავები არიან.

ხადურის ცოლის დეიდაშვილი - თათა გულიშვილი შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში მუშაობს. იგივე დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი- ხადურის ცოლის და - მარიამ ცირეკიძეა. ფინანსთა მინისტრის მეუღლის დეიდაშვილი - გვანცა გულიშვილი კი ფინანსთა სამინისტროს აპარატში მუშაობს. საგულისხმოა კიდევ ერთი პრეცენდენტი - შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში ასევე დასაქმებულია საქართველოს მთავარი პროკურორის და - ნინო ბადაშვილი. მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ასმათ ბურძენიძე კი ნოდარ ხადურის მეუღლის- ნინო ცირეკიძის მეგობარია. „პირველი რადიო“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუკავშირდა როგორც ფინანსთა მინისტრის ცოლის დეიდაშვილს თათა გულაშვილს ასევე ნოდარ ხადურის ცოლის დას მარიამ ცირეკიძეს, თუმცა მათ „პირველ რადიოსთან“ საუბარი არ ისურვეს.