პარლამენტისთვის მთავრობის შემადგენლობის წარდგენის გადადებით საპარლამენტო უმრავლესობის უფლებები დავიცავი

პარლამენტისთვის მთავრობის შემადგენლობის წარდგენის გადადებით საპარლამენტო უმრავლესობის უფლებები დავიცავი

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მტკიცებით, პარლამენტისთვის მთავრობის შემადგენლობის წარდგენის ერთი კვირით გადადებით საპარლამენტო უმრავლესობის უფლებები დაიცვა.

როგორც ქვეყნის პირველმა პირმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, აუცილებელია დეპუტატები, როგორც მთავრობისთვის ლეგიტიმურობის მიმნიჭებელი პირები, მინისტრთა კაბინეტის ფორმირების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ. პრეზიდენტის განმარტებით, მისი ვალდებულება იყო პოლიტიკური პროცესი ერთი კვირით შეეყოვნებინა, რადგან დაინახა, რომ ის ნაჩქარევად მიდიოდა.

"ერთკვირიანი პოლიტიკური შეყოვნების უფლება გამოვიყენე იმისთვის, რომ მივცე შესაძლებლობა როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, რომელიც ქმნის მთავრობის ლეგიტიმურობას, ასევე ჩვენს სამთავრობო გუნდს მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი ფორსმაჟორის გარეშე ჩამოყალიბდნენ კანდიდატებზე. თუ ისინი არ შეცვლიან წარმოდგენილ სიას, მე მაქვს ვალდებულება წარმოდგენილი შემადგენლობა ერთი კვირის ვადაში გადავუგზავნო პარლამენტს. მაგრამ მე მაინც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ერთი კვირა გამოყენებული იქნება პოზიტიურად და მთავრობა და უმრავლესობა ინტენსიურ დიალოგში შევა ერთმანეთთან, რომელიც, სხვათა შორის, აქამდე არ შეიმჩნეოდა. დეპუტატები, ვინც უნდა მიანიჭონ ლეგიტიმურობა მთავრობას, ხშირ შემთხვევაში ამბობდნენ, რომ არ იყვნენ აქტიურად ჩართულნი ამ პროცესში. ეს აუცილებელია, რადგან გადაწყვეტილებას, რატომაც მინისტრი ხდება მინისტრი და ძალაუფლების მატარებელი, მინისტრი კი ძალიან მაღალი თანამდებობაა, იღებს საქართველოს პარლამენტი და დეპუტატი. ბუნებრივია, მე დავიცავი პარლამენტარების უფლებები. ეს ჩემი ვალდებულება იყო. როცა მე დავინახე, რომ პროცესი მიდიოდა ნაჩქარევად, შევქმენი შესაძლებლობა, რომ ის დამშვიდდეს. კი ბატონო, იყოს გაღიზიანება ჩემ წინააღმდეგ, მაგრამ შედეგი ხომ ეს იქნება - დეპუტატები უფრო ინტენსიურ დიალოგში შევლენ. მე ამის იმედი მაქვს. იმედი მაქვს ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა გამეკეთებინა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.