სამი ახალი მინისტრის დანიშვნის თაობაზე პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემულ ბრძანებებს კონსტიტუციურ-სამართლებრივი ძალა არ გააჩნია , - ამის თაობაზე "ინტერპრესნიუსს" კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა, "თავისუფალი უნივერსიტეტის" ასისტენტ-პროფესორმა, დავით ზედელაშვილმა განუცხადა.
როგორც ზედელაშვილი განმარტავს, თუკი აღნიშნული აქტები საკანონსტიტუციო სასამართლოში სადაო გახდება, სასამართლო ცხადად იტყვის, რომ პრემიერ-მინისტრს ამგვარი ბრძანებების გამოცემის სამართლებრივი უფლებამოსილება არ ჰქონდა, რადგან საჭირო ნდობა პარლამენტის მხრიდან აღარ გააჩნია.
"პრემიერ-მინისტრს ახალი მინისტრების დანიშვნის არანაიარი კონსტიტუციური უფლებამოსილება არ ჰქონდა. მას შემდეგ, რაც დადგა ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა 1/3-ზე მეტით განახლდა, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება შეწყდა და არსებული მთავრობა მოვალეობის შემსრულებელი გახდა. შესაბამისად, ითვლება, რომ ჯერჯერობით პრემიერ-მინისტრის პარლამენტის ნდობა არ გააჩნია და ეს ნდობა ხელახლა უნდა მოიპოვოს. მინისტრი დანიშნულად მას შემდეგ ჩაითვლება, რაც კონტიტუციით დადგენილი წესით მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს. ამისათვის საჭიროა, რომ მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ ცხადად გამოხატა ნება, მისი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი ღარიბაშვილი იყოს, ღარიბაშვილის მიერ დასახელებული მთავრობის შემადგენლობა პრეზიდენტმა პარლამენტში წარადგინოს. პრეზიდენტმა თქვა, რომ კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადას ბოლომდე გამოიყენებს, ხოლო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და პარლამენტს ამ პროცესში მეტი დაფიქრებისკენ მოუწოდა. ახალი მინისტრების დანიშვნის თაობაზე პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემულ აქტებს კონსტიტუციურ-სამართლებრივი ძალა არ გააჩნია. თუკი ეს აქტები საკანონსტიტიციო სასამართლოში სადაო გახდება, სასამართლო ცხადად იტყვის, რომ პრემიერ-მინისტრს ამგვარი აქტების გამოცემის სამართლებრივი უფლებამოსილება არ ჰქონდა, რადგან ამისთვის საჭირო ნდობა პარლამენტის მხრიდან აღარ გააჩნია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დავით ზედელაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სპორტის მინისტრების დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოსცა.
სამივე ბრძანება ინდივიდუალურადაა გამოცემული და ის 1-ელი მაისით თარიღდება. ბრძანებებში პრემიერი მიუთითებს, რომ თინა ხიდაშელი - თავდაცვის მინისტრად, გიგლა აგულაშვილის – გარემოს დაცვის მინისტრად და ტარიელ ხეჩიკაშვილის სპორტის მინისტრად საქართველოს კონსტიტუციის 79-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დანიშნა.