ქართველი სამხედროების მისამართით ძალადობრივი ქმედებების ბრალდებები გაერო-ს ანგარიშში ნახსენები არ არის. ამის შესახებ ორგანიზაცია AIDS-Free World-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, პაულა დონოვანის ქართული მედიისთვის გაკეთებულ კომენტარშია ნათქვამი, რომელიც "ინტერპრესნიუსს" დონოვანის თანაშემწემ გამოუგზავნა.
"საქართველო დოკუმენტში ორჯერაა ნახსენები - ერთი, როდესაც ბავშვი აღწერს ფრანგ სამხედროს, რომელმაც შემდეგ პოსტი დატოვა და რომელიც მოგვიანებით, ქართველმა სამხედრომ ჩაანაცვლა და კიდევ ერთგან, როდესაც ბავშვი აღწერს ძალადობის შემთხვევას, რომელიც მაშინ მოხდა, როდესაც ფრანგი ჯარისკაცები ქართველ სამხედროებს ტერიტორიას ათვალიერებდნენ. ქართველი სამხედროების მიმართ ძალადობის ბრალდებებზე დოკუმენტში არაფერია ნათქვამი", - აღნიშნულია პაულა დონოვანის მიერ გაკეთებულ კომენტარში.
პაულა დონოვანმა ინგლისურენოვან გამოცემა "გარდიანს" მიაწოდა გაერო-ს ანგარიში, რომელშიც საუბარია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ფრანგი სამხედროების მიერ ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევაზე. მომხდართან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ აღნიშნული ფაქტები დადასტურდება სამხედროები შესაბამისად დაისჯებიან.