"პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კომუნიკაცია შედგა"-მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ადმინისტრაციამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა, ნათქვამია, რომ პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციებს შორის წინასწარი კომუნიკაცია იყო, შესაბამისად მათთვის გაუგებარია, რატომ გადაიდო მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა. მთავრობსი ადმინისტრაციის ცნობით, საქმის კურსში იყო საპარლამენტო ოპოზიციაც:

"საგულისხმოა, რომ აღნიშნული გარემოებები მისაღები იყო საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებისთვის და, წინასწარი კონსულტაციების შედეგად, ისინი მზად იყვნენ, მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება შაბათს, 2 მაისს დაგეგმილ რიგგარეშე სესიაზე მომხდარიყო.

ასევე აღსანიშნავია, რომ წინასწარი კომუნიკაცია იყო მთავრობის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის. კომუნიკაცია შედგა პრემიერსა და პრეზიდენტს შორისაც. დასანანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა ჩამოთვლილი ობიექტური გარემოებები, რითაც პროცესი ტექნიკურად შეფერხდა და ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურა ერთი კვირით გადაიდო." ნათქვამია განცხადებაში.