იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თეა წულუკიანის განცხადებით, მთელი მთავრობა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის მეთაურობით შეიკრიბა, იმისთვის, რომ მომავალი კვირის სამუშაო გრაფიკი განეხილათ.
„ჩვენ, მთელი მთავრობა, პრემიერის მეთაურობით, შევიკრიბეთ, რომ განგვეხილა მომავალი კვირის სამუშაო გრაფიკი, რომელიც ძალიან დატვირთულია და რადგან პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას - 7 დღიან ვადას გამოიყენებს, სანამ პრემიერის მიერ წარდგენილ სიას პარლამენტში გადააგზავნის. თითოეულ მინისტრთან გავიარეთ, პრეზიდენტის მიერ ვადის გამოყენება, ხელს ხომ არ შეგვიშლიდა ან უხერხულობას შექმნიდა. პრინციპში, ისე დავიგეგმეთ, რომ არ გვეშლება ხელი, რომ პრეზიდენტი თავის ვადას იყენებს, ჩვენ ვართ უფლებამოსილი მინისტრები. ნდობა ძალიან ბევრი თვის წინ გამოგვიცხადა პარლამენტმა. უბრალოდ, გავაგრძელებთ მუშაობას და იმ კვირაში ძალიან ბევრი მინისტრი მივდივართ ვიზიტით და ეს ვიზიტები ვერ გაუქმდება და არ გაუქმდება, რადგან რიგის სამიტი უკვე 20-შია. როდესაც პრეზიდენტი 7 დღის შემდეგ გადააგზავნის სიას, რომელიც არ შეიცვლება, ამის შემდეგ, პარლამენტი იტყვის, უცხადებს თუ არა ნდობას. მაგრამ, ჩვენ ეს ნდობა გვაქვს. ვაგრძელებთ მუშაობას, უბრალოდ პრემიერს სჭირდებოდა დრო დარწმუნებულიყო, რომ ეს ვიზიტები ნამდვილად ჩატარდებოდა. ამიტომ, მთავრობა მუშაობას აგრძელებს,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.