მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განცხადებით, მთავრობის ყველა წევრი უფლებამოსილებას ინარჩუნებს და შესაბამისად, მთავრობა უფლებამოსილია თავისი საქმიანობა განახორციელოს .
ამის შესახებ შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, შვიდი დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს გადაუგზავნის მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას, რათა იმსჯელოს ნდობის საკითხზე.
"კონსტიტუციური უფლებამოსილება პრეზიდენტის გახლავთ შვიდ დღეში გადააგზავნოს პარლამენტში. მთავრობა ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას აგრძელებს, ყველა მინისტრს გააჩნია უფლებამოსილება", - განაცხადა თადუმაძემ.
კითხვაზე, ვიდრე კენჭისყრა იქნება, შეუძლია თუ არა მინისტრებად წარდგენილ პირებს მივიდნენ სამინისტროებში და მუშაობა დაიწყონ, თადუმაძემ განაცხადა, რომ ბუნებრივია.
"მთავრობის ყველა წევრი, რომელიც დანიშნულია მინისტრის თანამდებობაზე, უფლებამოსილია განახორციელოს მინისტრის უფლებამოსილება", - განაცხადა თადუმაძემ და აღნიშნა, რომ ასევე თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი უკვე არიან მინისტრები და მათაც შეუძლიათ განახორციელონ მინისტრის უფლებამოსილება.