პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის რეაქციიდან იკვეთება, რომ მასსა და პრემიერ-მინისტრს შორის თავდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე წინასწარ კონსულტაციები არ ყოფილა.
როგორც „პირWელს“ ცისკარიშვილმა განუცხადა, პრემიერსა და პრეზიდენტს შორის კოლეგიალური ურთიერთობები უნდა იყოს, სხვა სახის დამოკიდებულება კი პირველ რიგში სახელმწიფოს ვნებს.
„უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტის ნაბიჯი აღიქმება, როგორც სახელმწიფოს კონსტიტუციის პატივისცემა. რადგან ორიოდე დღით ადრე მისთვის მიცემული საშინაო დავალება პრემიერ-მინისტრისგან ასეთ პატივისცემას ნამდვილად არ გამოხატავდა კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიმართ. ზოგადად არ მგონია, რომ რომელიმე ქვეყანაში იმ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი თავდაცვის მინისტრის ვინაობას პრემიერ-მინისტრის ბრიფინგიდან ან მედიის საშუალებებით იგებდეს. ამდენად, გამომდინარე პრეზიდენტის რეაქციიდან იკვეთება, რომ ამ თემაზე მასთან არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა. შეიძლება, კანონმდებლობაში ასეთი ვალდებულება არ არსებობს, მაგრამ ის, რომ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის კოლეგიალური ურთიერთობები უნდა იყოს, ეს გახლავთ ანბანური ჭეშმარიტება. ნებისმიერი სხვა დამოკიდებულება ამ ორი ინსტიტუტისა ერთმანეთის მიმართ, უპირველეს ყოვლისა იმ სახელმწიფოს ვნებს, რომლის მსახურებადაც ისინი თავს თვლიან“, - განუცხადა ცისკარიშვილმა „პირWელს“.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის პოსტზე დეპუტატ თინათინ ხიდაშელის წარდგენას, ცისკარიშვილის თქმით, შეიძლება სრულიად ურიერთგამომრიცხავი ვერსიები გაჟღერდეს, თუ რისი მიმანიშნებელია „რესპუბლიკელების“ დანიშვნა აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
„ალბათ, რეალობასთან ახლოს არც ერთი არ არის. ვგულისხმობ ერთის მხრივ მოსაზრებას, რომ „რესპუბლიკელები“ მთავრობის სავარძლებს იკავებენ და ქვეყანაში საკუთარ გავლენას აძლიერებენ. შეიძლება სრულიად საწინააღმდეგოდაც ვისაუბროთ ამ თემაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ სურვილი გაუჩნდა პარლამენტიდან მოქმედი, აქტიური, გამოცდილი დეპუტატები „რესპუბლიკური პარტიიდან“ რაც შეიძლება დროზე განარიდონ საკანონმდებლო ორგანოს. მთავრობის შეცვლა, მისი დამტკიცების შემდეგ, მხოლოდ პრემიერ-მინისტრის ფუნქციაა. მას პრაქტიკულად პარლამენტი აძლევს უფლებას, რომ ყოველგვარი სჯა-ბაასის გარეშე მინისტრები კვლავ დაითხოვოს. ამიტომ ვარაუდები შეიძლება ურთიერთგამომრიცხავი იყოს, მაგრამ ფაქტი ერთია - მე ეჭვი არ მეპარება, რომ ქალბატონი თინა ხიდაშელი ბევრად უფრო სანდო იქნება თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, ვიდრე მისი წინამორბედი, რომელიც სულიად შემთხვევით აღმოჩნდა ამ თანამდებობაზე, გამომდინარე თავისი პროფესიიდან, რომელსაც საჯარო პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს“, - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მან „პირWელთან“ საუბრისას მინისტრობის სხვა კანდიდატებიც დაახასიათა. ცისკარიშვილის თქმით, გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე გიგლა აგულაშვილი საკმაოდ სოლიდური კადრია. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ აგულაშვილი „არ იქნება ისეთი ჩინოვნიკი, რომელსაც დავალების შესასრულებლად მხოლოდ თქმა ჰყოფნის, განურჩევლად იმისა, ამ დავალებს შესრულება ავნებს თუ წაადგება ქვეყნის ბუნებასა თუ გარემოს“.
აქვე ცისკარიშვულნა აღნიშნა, რომ ისურვებდა ტარიელ ხიჩიკაშვილი ახალგაზრდა თაობისთვის მისაბაძი პირი ყოფილიყო. ცისკარიშვილის თქმით, მისმა წინამორბედმა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ახალგაზრდების აქტიურად ჩართვა მოახერხა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა და პრეზიდენტს და პარლამენტს თხოვნით მიმართა, რომ მათი დამტკიცება რაც შეიძლება მოკლე ვადებში მომხდარიყო.
პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსასმენად უკვე ემზადებოდნენ და საპარლამენტო უმრავლესობა აპირებდა ეს საკითხი დაჩქარებულ ვადებში განეხილა, თუმცა პრეზიდენტმა პრემიერის ეს თხოვნა არ გაითვალისწინა და კონსტიტუციით მინიჭებული ერთკვირიანი ვადა გამოიყენა, ვიდრე პარლამენტს მინისტრთა ახალ შემადგენლობას დასამტკიცებლად წარუდგენს. მარგველაშვილის განმარტებით, მთავრობის ხელმძღვანელობა ფორსმაჟორულ სიტუაციაში იღებს გადაწყვეტილებებს, რაც არასწორია.