საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას თინა ხიდაშელის ”პრობლემურ კანდიდატურას” უკავშირებს.
მაჭავარიანი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ მთავარსარდალსა და თავდაცვის მინისტრს შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა უნდა არსებობდეს და ამავდროულად იხსენებს თინა ხიდაშელის რთულ ურთიერთობებს როგორც პრემიერთან, ისე - პრეზიდენტთან.
"პრეზიდენტის განცხადება ცალსახად უკავშირდება მის სურვილს და მოწოდებას მთავრობის ხელმძღვანელისადმი, რომ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები პრეზიდენტთან გაიარონ, განსაკუთრებით ეს ეხება თავდაცვის მინისტრის კანდიდატურას. ცხადია, რომ ქალბატონ ხიდაშელს აქვს რთული ურთიერთობები თვითონ პრემიერ-მინისტრთან, ყველას გახსოვთ მათი დაძაბული ურთიერთობის შესახებ. ის, ასევე, არაერთხელ ძალიან უხეშად ჩაერია პრეზიდენტთან ურთიერთობაში და გახსოვთ მისი დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ და მისი არაკორექტული მოწოდებები _ აქაც არ არის საუკეთესო ურთიერთობები თინა ხიდაშელის ხასიათიდან და ასევე მისი სურვილიდან გამომდინარე, ლოიალობა დაემტკიცებინა ბიძინა ივანიშვილისთვის. ცხადია, რომ ამან იმუშავა, ბიძინა ივანიშვილის გარეშე ეს კანდიდატურა ვერ გავიდოდა. პრეზიდენტი საჭიროებს კონსულტაციების გავლას განსაკუთრებით თავდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე, რომელიც უშუალოდ უნდა მუშაობდეს პრეზიდენტთან. ასე რომ, ეს თემა, როგორც ჩანს, პრობლემურია და მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისგან დასახელება, იმ დამსახურებისთვის, რომელიც ხიდაშელს მაიჩნია, რომ აქვს პირადად ივანიშვილის მიმართ, ამ ეტაპზე საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია მოხდეს პოლიტიკური თუ პიროვნული შეთანხმება იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობაში თავდაცვის მინისტრსა და მთავარსარდალს შორის მნიშვნელოვან თანამშრომლობას გულისხმობს", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე ასეთი თანამშრომლობა უბრალოდ არ არსებობს და პირველ რიგში, ზემოაღნიშნული თემა იქნება მოსაგვარებელი.