ლატვიის მთავრობა მიიჩნევს, რომ თქვენ ძალიან ბევრს მუშაობთ, შეუძლებელია მსგავსი სამუშაოების ასეთ მოკლე დროში შესრულება, - ამის შესახებ საქართველოში ლატვიის ელჩმა, ელიტა გაველემ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინა ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ელჩმა თინა ხიდაშელს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტის დაკავება მიულოცა.
"ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია განსაკუთრებით რიგის სამიტის დაწყებამდე და ყველა იმ საკითხზე აქტიური მუშაობის კუთხით, რომელიც ევროკავშირს უკავშირდება. რა თქმა უნდა, მთავარი დისკუსია იქნება რიგის სამიტის წინ და იმ შედეგებზე, რომელიც მოსალოდნელია რიგის სამიტზე. მე კიდევ ერთხელ ვუთხარი კომიტეტის ხელმძღვანელს - ლატვიის მთავრობა მიიჩნევს, თქვენ ძალიან ბევრს მუშაობთ, შეუძლებელია მსგავსი სამუშაოების შესრულება ასეთ მოკლე დროში. კიდევ ერთხელ, რაც მნიშვნელოვანია ლატვიისთვის, თქვენ ეს რეფორმები ნახევარი ან ერთი წლის წინ არ დაგიწყიათ, თქვენ ეს გაცილებით ადრე და პირველი დაიწყეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან შედარებით. ჩვენ ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ რიგის სამიტზე შესანიშნავი დეკლარაცია იქნება მიღებული. კიდევ ერთხელ, ვფიქრობ, რომ თქვენი პარტნიორები ბალტიისპირეთის რეგიონიდან სრულად დაგიჭერთ მხარს რიგის სამიტზე", - განაცხადა ლატვიის ელჩმა.