"თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტში ეკონომიკური გუნდის მისვლისას დაინტერესდებიან გაუსწორებს თუ არა ეკონომიკური გუნდი რეალობას თვალს და დაარქმევს თუ არა შექმნილ ვითარებას ადეკვატურ სახელს, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" ეკონომიკური გუნდის პარლამენტში მისვლისას დასვამენ შეკითხვას "აღიარებს თუ არა მთავრობა, რომ არსებობს სავალუტო კრიზისი საქართველოში".
"თავისუფალი დემოკრატების" კიდევ ერთი ლიდერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ასევე მათ ექნებათ შეკითხვა რატომ არ არსებობს აქამდე კონკრეტული გეგმა.
"კარგია რომ ეკონომიკური გუნდი პარლამენტში მოდის და ისინი ცდილობენ აუხსნან პარლამენტს და საზოგადოებას, თუ რას აკეთებენ. თუმცა პირველი კითხვა რაც არსებობს, არის ის, რომ პირველი მოსმენის შემდეგ რეალურად გეგმა არც კი დადებულა და არც ვიცით, რის შესრულებაზე უნდა მოვთხოვოთ მათ პასუხი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ მათ დადონ კონკრეტული გეგმა, რაზეც განისაზღვრება პასუხისმგებელი პირები და საზოგადოებას ეცოდინება, რომ ამ გეგმაზე პასუხისმგებელია კონკრეტული პირი, რომელიც დაიცავს მას დევალვაციისგან. რაც აქამდე დავინახეთ, არის ის, რომ არ არსებობს არც გეგმა და არც არანაირი ქმედება მთავრობის მხრიდან ლარის დევალვაციის შესაჩერებლად. გამოდიან და იძახიან იმას, რომ ეს არის დროებითი პროცესი, საზოგადოება კი ხედავს საპირისპიროს, ლარი კვალვ აგრძელებს დევალვაციას", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ლარის გაცვლითი კურსის თემაზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, მთავრობის საფინანსო-ეკონომიკური გუნდის და ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მონაწილეობით, კიდევ ერთი საკომიტეტო მოსმენის გამართვას აპირებს.
როგორც ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომის თარიღი შესაბამის უწყებებთან მოლაპარაკებების შემდეგ დაზუსტდება და გახდება ცნობილი.