სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინელი ჟურნალისტის და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობებს გმობს

სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინელი ჟურნალისტის და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობებს გმობს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინელი ჟურნალისტის, ოლეს ბუზინას და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ოლეგ კალაშნიკოვის მკვლელობების ფაქტებს გმობს.

ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მარი ჰარფმა გუშინ პრესსკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ ვგმობთ უკრაინელი ჟურნალისტისა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, "რეგიონების პარტიის" წევრის მკვლელობას. ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს ამ ფაქტების გამჭვირვალე გამოძიებისკენ, როგორც ეს პრეზიდენტმა პოროშენკომ განაცხადა", - აღნიშნა მარი ჰარფმა.

თუმცა, მან შეკითხვაზე იყო თუ არა ეს პოლიტიკური მკვლელობები, განაცხადა, რომ ამას გამოძიება დაადგენს.

ჟურნალისტი ოლეს ბუზინა, რომელიც მოქმედ ხელისუფლებას აქტიურად აკრიტიკებდა, გუშინ მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, მას მუქი ლურჯი ფერის ავტომობილიდან ესროლეს. ოპოზიციონერი ოლეგ კალაშნიკოვი კი კიევში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით.