გიორგი კვირიკაშვილი:   ჩვენ მივდივართ ზუსტად იმ გეგმით, რაც დასახული გვქონდა

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ მივდივართ ზუსტად იმ გეგმით, რაც დასახული გვქონდა

სავალუტო სტაბილიზაციის სამთავრობო გეგმას ჩვენ გეგმის მიხედვით ვახორციელებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "ევრონიუსის" მიერ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტის კომენტირებისას განუცხადა.

კითხვაზე, როგორ მიმდინარეობს მთავრობის მიერ დაანონსებული მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმის განხორციელება, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველაფერი მიმდინარეობს ისე, როგორც მან ისაუბრა.

"ყველაფერი მიმდინარეობს ისე, როგორც მე ვისაუბრე. გეგმის მიხედვით ვახორციელებთ ჩვენ სავალუტო სტაბილიზაციის სამთავრობო გეგმას. დღეს სურათი გაცილებით გაუმჯობესებულია იმ კუთხით, რომ მოხდა იმპორტის კორექტირება და ის გარღვევა, რომელიც იყო მიმდინარე ანგარიშის კუთხით, გაცილებით უფრო შემცირებულია. თუმცა, სავალუტო შემოდინებების კუთხით, განსაკუთრებით ფულადი გზავნილების ნაწილში, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ემიგრანტების ყველზე დიდი ნაწილი, თავმოყრილია ზუსტად იმ ქვეყნებში, სადაც ძალიან მწვავე სიტუაციაა, ამ კუთხით არ გვაქვს დადებითი ტენდენცია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ყველა დანარჩენი კუთხით, იქნება ეს ტურიზმი, ვიზიტორები თუ პრივატიზაცია, არის დადებითი ტენდენცია.

"ჩვენ მივდივართ ზუსტად იმ გეგმით, რაც დასახული გვქონდა. ჩვენ მაშინაც ვაცხადებდით, რომ ფულადი გზავნილების კუთხით ცოტა ბერკეტი გვაქვს, რომ ზემოქმედება მოვახდინოთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

კითხვაზე, იანვარ-მარტის მდგომარეობით შემცირებულია თუ არა ტურისტების რაოდენობაც, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის დროებითი ტენდენცია.

"ბოლო პერიოდის ტენდენცია უკვე ძალიან დადებითია, ამიტომ გთხოვთ, რომ ოპტიმიზმი დავნერგოთ ყველგან და ყველაფერში, რადგან ამ ოპტიმიზმს გააჩნია ძალიან რეალური საფუძვლები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.