საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი განსაკუთრებულ დროს შედგა

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი განსაკუთრებულ დროს შედგა

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი ლატვიაში განსაკუთრებულ დროს შედგა, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანდრეის პილდეგოვიჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხუთი კვირა დარჩა რიგაში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის დაწყებამდე, რაც იქნება საკმაოდ გადამწყვეტი მომენტი სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორების მომავლის კუთხით.

"ეს მნიშვნელოვანი ვიზიტია სამიტის კონტენტის შესახებ დისკუსიისა და პოლიტიკის მომავლის კუთხით. ვფიქრობ, რიგის სამიტი უნდა იყოს ძლიერი მესიჯი იმისა, რომ ევროპა დაინტერესებულია აღმოსავლეთ პარტნიორების კეთილდღეობით, უსაფრთხოებითა და განვითარებით. რა თქმა უნდა, საქართველო ამ კუთხით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. საქართველომ გვიჩვენა საკმაოდ დიდი პროგრესი ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის განხორციელების მხრივ. ამიტომაც, ჩვენი აზრით, ეს დროული შეხვედრა იყო. ის დაგვეხმარება მაისის ბოლოს რიგის სამიტისგან რაც შეიძლება მეტს მივიღოთ. ჩვენი აზრით, ეს სამიტი ევროპელ ლიდერებს შეკრებს, მათ საშუალება ექნებათ შეხვედრები გამართონ პარტნიორ ქვეყნებთან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 2015 წელი იქნება წელი, როდესაც ჩვენ ხელახლა განვსაზღვრავთ სამეზობლო პოლიტიკას. მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრმა ქვეყნებმა თანამშრომლობა უფრო გააღმაონ რეგიონის ქვეყნებთან. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ბელორუსის პრეზიდენტის მიერ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი. ეს ის არის, რაც ნამდვილად საჭიროა. ჩვენ ყველაზე მეტად სარგებელს ვიღებთ რეგიონული თანამშრომლობით. ვფიქრობ საქართველო ამ კუთხით წამყვან როლს ასრულებს", -განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.