ირანისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გადაცემა ისრაელს საფრთხეს არ უქმნის

ირანისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გადაცემა ისრაელს საფრთხეს არ უქმნის

ირანისათვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის - S-300-ის გადაცემა ისრაელს საფრთხეს არ უქმნის. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა "პირდაპირი ხაზის" დროს განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული შეიარაღება მხოლოდ თავდაცვის მიზნით გამოიყენება და ის არ შეუქმნის საფრთხეს ისრაელს.

როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, ირანისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გადაცემაზე ემბარგოს მოხსნა მოსკოვმა თეირანსა და საერთაშორისო ექვსეულს შორის მოლაპარაკებების პროგრესის გამო გადაწყვიტა.

"ირანელმა პარტნიორებმა გამოიჩინეს უფრო მეტი მოქნილობა და გამოხატეს ბირთვული პროგრამის შესახებ კომპრომისის სურვილი", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთმა ირანისთვის S-300-ის სისტემის მიყიდვის შესახებ შეთანხმებას 2007 წელს მიაღწია, თუმცა, 2010 წელს შეთანხმება დაბლოკა მას შემდეგ, რაც გაერო-მ ირანის წინააღმდეგ ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. რამდენიმე დღის წინ კი აღნიშნული ემბარგო მოსკოვმა გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა შესაძლოა, ნებისმიერ დროს მიაწოდოს თეირანს თავდაცვითი საჰაერო სისტემა.

S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემაა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია რამდენიმე სამიზნის განადგურება, ასევე რაკეტების ჩამოგდება.