იმედი მაქვს, საქართველო ღირსეულად წარსდგება რიგის სამიტზე, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშიმ ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლატვიის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას მხარს უჭერს.
"ნიშანდობლივია, რომ სწორედ ლატვია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც მოხდა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება. იმედი მაქვს, საქართველო ღირსეულად წარსდგება რიგის სამიტზეც. ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს და ამ პროცესთან მიმართებაში ლატვიას დადებითი პოზიცია აქვს", - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.
ანდრის ბერზინშიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერაც დააფიქსირა, უშუალოდ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის საკითხზე კი განმარტა, რომ გიორგი მარგველაშვილთან აუდიენცია ქართულ-ლატვიური მჭიდრო ურთიერთობების დასტური და ნათელი მაგალითი იყო.
პრესკონფერენციაზე საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტებმა ქართველი და ლატვიელი ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხეს, რომლებიც მაისში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტს, კერძოდ, საქართველოს მოლოდინსა და ვიზა ლიბერალიზაციის პერსპექტივებს შეეხებოდა. ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებით და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებით.