იმედი მაქვს, რიგაში ადეკვატურად და სწორად დაიგეგმება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" და მათ შორის საქართველოს მომავალი თავისუფალ ერთა ოჯახში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლატვიელ კოლეგა, ანდრის ბერზინშთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ლატვიის პრეზიდენტთან საუბრის ერთ-ერთ ძირითად თემას სწორედ რიგის სამიტი წარმოადგენდა.
"უმნიშვნელოვანესი ფორმატია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესის გაღრმავება. ეს საკითხი მაისში განხილული იქნება სწორედ რიგაში, სწორედ იმ ქვეყანაში, რომელსაც ზუსტად, ზედმიწევნით ესმის აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობა, ასევე ესმის საქართველოს განსაკუთრებული მისია, რომელიც ჩვენ გვაკისრია ევროპული უსაფრთხოებისა და ევროპულ ერთა ოჯახის მომავალში. იმედი მაქვს, რომ რიგაში ადეკვატურად და სწორად დაიგეგმება აღმოსავლეთ პარტნიორობის, მათ შორის საქართველოს მომავალი თავისუფალ ერთა ოჯახში", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.
ამასთან, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ანდრის ბერზინშთან შეხვედრისას საუბარი შეეხო თბილისში მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციას, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო კავშირებისა და ხალხებს შორის ურთიერთობის შემდგომ განვითარებას. გარდა ამისა, საქართველოს პირველი პირის თქმით, მხარეებმა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემატიკაზეც იმსჯელეს.
"შეხვედრის დროს ლატვიის პრეზიდენტს ინფორმაცია მივაწოდე იმ სირთულეებზე, რაც არსებობს ჩვენს რეგიონში. ასევე ვისაუბრეთ იმ საფრთხეების შესახებ, რომელსაც ქმნიან ის ე.წ.ინტეგრაციისა და მეკავშირეობის შესახებ ხელშეკრულებები", რომლებიც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო რეჟიმებთან გააფორმა და, რაც რეალურად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრესკონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა ლატვიელ კოლეგასთან მეგობრულ ურთიერთობაზეც და მას კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული არჩევანის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.