პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებები ჩავარდა, რომლის მიხედვითაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მოგების გადასახადისაგან უნდა გათავისუფლებულიყო.
კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა წარადგინა. კანონპროექტის მიხედვით, არასამეწარმეო იურიდიული პირი - უმაღლესი საგანამანთლებლო დაწესებულება უნდა გათავისუფლდეს მოგების გადასახადისაგან. ასევე არასამეწარმეო იურიდიული პირი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონების გადასახადი უნდა განისაზღვროს 0.1%-ით.
კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ სერგო რატიანას ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. როგორც სხდომაზე დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ აღნიშნა, კოდექსში ცვლილება მთავრობას უკვე მომზადებული აქვს.
"ბატონო სერგო, მთავრობამ დაგასწროთ. თქვენ ტყუილად გაისარჯეთ. თქვენ პროცესზე ხართ ორიენტირებული და არა შედეგებზე", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
როგორც სხდომის დასასრულს სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მან კანონი პარლამენტში უკვე მესამედ წარადგინა. მისი თქმით, დეპუტატები კანონპროექტის არსს იზიარებენ, თუმცა იმის გამო რომ ის ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ არის მომზადებული მხარს არ უჭერენ.