ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რომელმა ქვეყანამ მისცა თავშესაფარი ზურაბ ადეიშვილს

ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რომელმა ქვეყანამ მისცა თავშესაფარი ზურაბ ადეიშვილს

ჩვენ ამ ეტაპზე არ ვიცით, რომელმა ქვეყანამ მიანიჭა თავშესაფარი ზურაბ ადეიშვილს და დაიცვა ის ადამიანი, რომელსაც სავარაუდოდ, ძალიან ბევრი ცუდი აქვს საქართველოში გაკეთებული , - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიცის მინისტრმა თეა წულუკიანმა ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიიდან იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ამოღების კომენტირებისას განუცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, როდესაც რომელიმე ქვეყანა ადამიანს თავშესაფარს აძლევს, ეს პროცედურა მოცემულ ქვეყანაში არის დაცული და არ არის საჯარო.

"აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, არ ვიცით, თუ რომელმა ქვეყანამ გააკეთა ეს და, რომელმა ქვეყანამ მიანიჭა თავშესაფარი და დაიცვა ადამიანი, რომელსაც სავარაუდოდ, ძალიან ბევრი ცუდი აქვს საქართველოში გაკეთებული. პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ადამიანი წითელ ცირკულარში ყოფილიყო შეტანილი, თუმცა როგორც აღმოჩნდა, არის ქვეყანა, ვინც თავშესაფარი გასცა და მოახსნევინა ინტერპოლს ადეიშვილი ძებნიდან. ის წერილი, რომელიც ინტერპოლისგან არის მიღებული, სწორედ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ თავშესაფრის სტატუსის გამო მოხსნილია ეს ადამიანი ძებნიდან",-აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის აზრით, ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რომელმა ქვეყანამ მისცა ზურაბ ადეიშვილს თავშესაფარი.

რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რომელმა ქვეყანამ გააკეთა ეს", - განაცხადა წულუკიანმა.