თეა წულუკიანის ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოს 15 მოთხოვნიდან ინტერპოლმა 13 დააკმაყოფილა

თეა წულუკიანის ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოს 15 მოთხოვნიდან ინტერპოლმა 13 დააკმაყოფილა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, 2011 წელს ინტერპოლმა საქართველოს დაუკმაყოფილა 28-დან 20 მოთხოვნა, ხოლო 2014 წელს 15-დან - 13 მოთხოვნა. ამის შესახებ თეა წულუკიანმა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც 2010-2015 წლებში ინტერპოლით ძებნის გამოცხადებასა და ექსტრადირებაზე პროკურატურის სტატისტიკას მოიცავს.

"საუბარია იმაზე, რომ ექსტრადიციის პროცედურას მიაქვს ძალიან დიდი დრო, რა მონაცემებიც მე მაქვს ნანახი, 2011 წელს ინტერპოლმა საქართველოს დაუკმაყოფილა 28-დან 20, ხოლო 2014 წელს 15-დან - 13. ამიტომ მე რაიმე საგანგაშოს ამ ციფრებში ვერ ვხედავ და მხოლოდ ციფრები არ იძლევა სურათის ანალიზის საშუალებას", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება მიმდინარე 2014-2015 წლების სამუშაოს, ამის შედეგები გამოჩნდება და ციფრებში აისახება არა წელს, არამედ გაისად, რადგან "დღეს დაწყებული პროცედურები, შედეგს მოიტანს მხოლოდ გაისად".

2010-2015 წლებში საქართველოს პროკურატურამ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თხოვნით სულ 131 განცხადებით მიმართა, რომელთაგან 121 დაკმაყოფილდა, - ამის შესახებ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

IDFI 2010-2015 წლებში ინტერპოლით ძებნის გამოცხადებასა და ექსტრადირებაზე პროკურატურის სტატისტიკას აქვეყნებს.

როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, 2010-2015 წლებში საქართველოს პროკურატურამ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თხოვნით მიმართა სულ 131 განცხადებით, რომელთაგან 121 დაკმაყოფილდა. 2011 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ გაგზავნილი 28 მოთხოვნიდან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ არ დაკმაყოფილდა 8. 2014 წელს 15 მოთხოვნიდან 2 არ დაკმაყოფილდა, რომელთაგან როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ არის განმარტებული, ერთი იმყოფება განხილვის პროცესში. სხვა წლებში საქართველოს პროკურატურის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

"რაც შეეხება საქართველოს პროკურატურის მიერ საზღვარგარეთის სამართალდამცავი ორგანოებისათვის ძებნილ პირთა ექსტრადაციის შესახებ გაგზავნილ შუამდგომლობებს, როგორც ირკვევა 2010-2015 წლებში ყველაზე მეტი (59) აღნიშნული ხასიათის შუამდგომლობა საქართველოს პროკურატურამ დააყენა 2010 წელს, რომელთაგან 34 (57,6%) დაკმაყოფილდა. საზღვარგარეთის საგამოძიებო ორგანოების მიერ ძებნილ პირთა ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი 2012 წლის შემდგომ ყოველწლიურად მნიშვნელოვნად მცირდება. 2012 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 70,3% შეადგინა, 2013 წელს - 53.1%, 2014 წელს - 16,2%, ხოლო 2015 წლის საწყისი სამი თვის განმავლობაში მხოლოდ - 9,1%. როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ განმარტებულია ის შუამდგომლობები რომელიც არ არის დაკმაყოფილებული ნაწილი საზღვარგარეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ ამჯერად იმყოფება განხილვის პროცესში, ნაწილზე ითქვა უარი, ხოლო გარკვეულ ნაწილზე შემაფერხებელი გარემოებების აღმოფხვრამდე - დროებითი უარი", - .

- აცხადებენ IDFI-ში.