ე.წ. კაბელების საქმეში დევს აუდიტის სამსახურის დაუსაბუთებელი დასკვნა, - ამის შესახებ წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ კაბელების საქმეზე ბრალდებულების ერთ-ერთმა ადვოკატმა , სოსო ბარათაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საუბარია დასკვნაზე, რომელშიც ასახულია ზოგადი შეფასებები. "დასკვნაში საუბარი არ არის რაიმე ციფრებზე. მხოლოდ ზოგადი შეფასებებია იმის თაობაზე, შეეძლო თუ არა თავდაცვის სამინისტროს საკუთარი სახსრებით პროექტის განხორციელება. ასევე, ჰქონდა თუ არა ერთ-ერთ კომპანიას მინიჭებული გარკვეული უპირატესობა. გაფლანგვის ფაქტი არანაირად არ დასტურდება აღნიშნული დასკვნით", - განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება დეტალურ შეფასებას, სოსო ბარათაშვილის თქმით, ეს დასკვნა არის დაუსაბუთებელი და მიკერძოებული, რაზეც მსჯელობა საქმის არსებოთ განხილვაზე მოხდება.
"პრაქტიკა, რომელიც დანერგილი იყო წინა ხელისუფლების პირობებში, რომ აუდიტის სამსახური ახორციელებდა ხელისუფლების დავალებებს, ახლაც გრძელდება, რაც არის საშიში და არასასიამოვნო ტენდენცია", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 აპრილს 11:00 საათზე განახლდება, სადაც დაცვის მხარემ საკუთარი მტკიცებულებების ნუსხა უნდა წარუდგინოს სასამართლოს, რის შემდეგაც მოსამართლე დაცვისა და ბრალდების მხარეების მტკიცებულეებების დასაშვებობის საკითხს გადაწყვეტს.