ე.წ. კაბელების საქმეზე 7 საათიანი სასამართლო სხდომის შემდეგ წინასაამართლო სხდომა კიდევ ერთხელ 27 აპრილისთვის გადაიდო. დღევანდელ პროცესზე, რომელიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ნუსხა წარადგინა, რომელიც სრულად ცნო სადავოდ დაცვის მხარემ.
ბრალდების მხარემ ასევე სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე, რაზეც დაცვის მხარემ საკუთარი პოზიცია შემდეგომ პროცესზე უნდა დააყენოს და შემდეგ მიიღებს მოსამართლე გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხზე.
ასევე, შემდეგ პროცესზე იგეგმება დაცვის მხარის მტკიცებულებათა ნუსხის წარდგენა სასამართლოს მიმართ. ადვოკატები მომავალ პროცესზე გეგმავენ დააყენონ შუამდგომლობა, რომელიც დღეს ვერ მოესწრო. კერძოდ, საუბარია თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის თაობაზე.
როგორც პროცესის შემდეგ ბრალდებულების ადვოკატმა ლევან სამუშიამ განმარტა, ადვოკატებმა დღეს მოისმინეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რომლიდანაც, სამუშიას მტკიცებით, არც ერთი არ მიუთითებს ბრალდებულების დანაშაულებრივ ქმედებაზე.
"ყველა მტკიცებულება სადავო გავხადეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ არ ვენდობით ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და მათი განხილვა მოხდება სასამართლოს არსებითი განხილვის ეტაპზე.
თავის მხრივ, დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს ყველა მტკიცებულება კანონიერად აქვს მოპოვებული. მისი თქმით, პროკურატურას სასამართლოში 21 ტომი აქვს წარდგენილი, რომელიც მოიცავს ოფიციალურ დოკუმენტებს, მოწმეების ჩვენებებს, მათ შორის იმ კომპანიების წარმომადგენლების ჩვენებებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სხელმწიფო შესყიდვაში.
პროკურორის თქმით, მოწმეები სასამართლოშიც დაიკითხებიან. ასევე, მისი თქმით, ბრალდების მხარის მტკიცებულებებში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნები. ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 აპრილს 11:00 საათზე განახლდება.
დღევანდელი პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სავარაუდოდ, მომავალი პროცესიც დახურულ რეჟიმში გაგრძელდება იმ მოტივით, რომ მხარეების განცხადებით საქმეში არსებობს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტაცია. მას შემდეგ, რაც საიდუმლო დოკუმენტების განხილვა დასრულდება, სავარაუდოდ პროცესი გაიხსნება, რომელზე დასწრებაც მედიის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.