საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სიღნაღში, სოფელ ნუკრიანში ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
მთავრობის წევრებმა პრემიერ-მინისტრთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "დელტას" მიერ შექმნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დაათვალიერეს და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა სხვადასხვა კომპონენტებისგან შემდგარ ერთიან კომპლექსს წარმოადგენს, რომლის შემადგენლობაში შედის ცენტრალური სარადარო სადგური (მეტეორადარი), ინფორმაციის დამუშავებისა და ცეცხლის მართვის ცენტრი, ასევე ავტონომიური საცეცხლე სარაკეტო დანადგარი.
უწყების ცნობით, ამ ეტაპისთვის ნუკრიანში უკვე დასრულებულია ცენტრალური სარადარო სადგური, რომელიც მთლიანად აწყობილი და დამონტაჟებულია "დელტას" მიერ. პრემიერ-მინისტრმა შესრულებული სამუშაოებისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ "დელტას," თავდაცვის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მადლობა გადაუხადა.
"მოგეხსენებათ, სეტყვა კახეთის რეგიონისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა სრულიად მოშლილი იყო ადრე არსებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა. ჩვენ "დელტასთან" ერთად დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა, უკვე დასრულებულია ცენტრალური სარადარო სისტემა და აქტიურად მიმდინარეობს კახეთის ყველა რეგიონში საცეცხლე წერტილების მოწყობის სამუშაოები. ვფიქრობთ, რომ ამ სისტემის საშუალებით სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში სეტყვისგან მიყენებული ზარალის 80-90 % -ით შემცირება იქნება შესაძლებელი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონის მასშტაბით 83 ერთეული ავტონომიური საცეცხლე-სარაკეტო დანადგარი განთავსდება.