"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს. როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, კანონში დაგეგმილი ცვლილებით, სოციალურ ქსელში გამოხატული ძალადობრივი მოწოდებაც დასჯადი იქნება, რისთვისაც პირს ორწლიანი პატიმრობა დაემუქრება.
თავის მხრივ შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განმარტა, რომ კრიტიკული აზრის გამოხატვის თავისუფლებაში ყველა დაცულია, მთავარია, მან არ მიიღოს აგრესიულ ფორმასა და ძალადობაში გადაზრდის სახე.
პარლამენტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციტივას იხილავს, რომლის ერთ-ერთი სიახლე არის ის, რომ ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებისთვის. კერძოდ, დასჯად ქმედებად განისაზღვრება "ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, თუ იგი ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს".