2014 წელს კახეთში 3000 ჰექტარი საფერავისა და რქაწითელის ვენახები გაშენდა

2014 წელს კახეთში 3000 ჰექტარი საფერავისა და რქაწითელის ვენახები გაშენდა

2013 – 2014 წლებში კახეთში ღვინის კომპანიებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადაამუშავეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიღნაღში, ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომლებსაც ახალი პროექტი "ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის" გააცნო.

მისივე ინფორმაციით, 2013 წელს რთველის დროს მოსახლეობის შემოსავლებმა 100 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, 2014 წელს კი – 175 მილიონზე მეტი.

"იცით, რომ ჩვენმა მთავრობამ მევენახეობა-მეღვინეობის ხელშეწყობა ეროვნული მნიშვნელობის საქმედ გამოაცხადა და სუბსიდირებისა და აგროსესხების თვისებრივად განსხვავებული სისტემის გატარებით მოახდინა კერძო სექტორის სტიმულირება. ჩვენი მიზანი იყო ჩვენს მევენახეებს მიეღოთ და გადაემუშავებინათ რაც შეიძლება მეტი ყურძენი.

2013 წელს სახელმწიფო სუბსიდიამ 32-მილიონ-ნახევარი ლარი შეადგინა, 2014 წელს კი - 31 მილიონზე მეტი.

შეღავათიანი აგროკრედიტების ფარგლებში გაიცა 22 მილიონი დოლარი, რამაც ღვინის ინდუსტრიაში 56 კომპანიას ტექნიკური გადაიარაღებისა და საწარმოო სიმძლავრეების გაზრდის შესაძლებლობა მისცა.

შდეგად მივიღთ ის, რომ მევენახეებმა ყურძენი მაქსიმალურად მაღალ ფასად ჩააბარეს. 2013 წელს რქაწითელის საშუალო ფასი იყო 1 ლარი და 5 თეთრი, ხოლო რეკორდულად მაღალი ფასი იყო 1 ლარი და 33 თეთრი. საფერავის საშუალო ფასმა შეადგინა 1 ლარი და 24 თეთრი, დაფიქსირდა რეკორდულად მაღალი ფასიც - 2 ლარი და 10 თეთრი.

2014 წელს რქაწითელის საშუალო ფასმა შეადგინა 1 ლარი და 5 თეთრი, რეკორდულად მაღალი ფასი დაფიქსირდა 1 ლარი და 50 თეთრი. საფერავის საშუალო ფასი იყო 2 ლარი და 35 თეთრი, ხოლო რეკორდულად მაღალი ფასი ოყო 3 ლარი და 40 თეთრი.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2013 – 2014 წლებში კახეთში ღვინის კომპანიებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადაამუშავეს.

2013 წელს რთველის დროს მოსახლეობის შემოსავლებმა 100 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, 2014 წელს კი – 175 მილიონზე მეტი. ჯამში მხოლოდ კახეთში, მხოლოდ რთველზე მოსახლეობამ 275 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღო.

სწორედ მთავრობის ამ პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ კახელმა კაცმა დაიბრუნა თავისი ისტორიული მისია და შედეგიც სახეზეა - 2014 წელს კახეთში 3000 ჰექტარი საფერავისა და რქაწითელის ვენახები გაშენდა. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეისათვის კახეთის რეგიონში მიმდინარეობს სხვადასხვა რაიონის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია.

"დაწყებულია და 2015 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს გურჯაანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, რომლის შედაგადაც მოსახლეობის 100 პროცენტი უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი წყალმომარაგებით, ასევე გაუმჯობესებული ხარისხის სასმელი წყლით. პროექტის ღირებულება 3 მილიონ 278 ათასი ლარია. დაწყებულია აგრეთვე წნორის 10-მილიონ-ნახევრის ღირებულების პროექტი და სიღნაღის 1 მილიონზე მეტი ღირებულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას, იმისათვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს 24-საათიანი წყალმომარაგება და გაუმჯობესებული ხარისხის სასმელი წყალი.

წელს, მეორე კვარტალიდან ვიწყებთ 26 მილიონიან პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ახმეტის, ლაგოდეხის, საგარეჯოსა და თელავში, კურდღელაურის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას. ამ რაიონებში მოსახლეობის ნაწილს ექნება 24-საათიანი, ნაწილს კი წყლის მიწოდების 16, 17 და 18-საათიანი გრაფიკი.

ჩვენ აქტიურად ვახორცილებთ რეგიონში მდინარეთა ნაპირსამაგრ სამუშაოებს. მოგეხსენებათ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ასეთი პროექტების განხორციელებას, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ უზარმაზარი ზარალი, რომელიც წყალდიდობას მოაქვს მოსახლეობისათვის.

შეგახსენებთ, რომ 2013-2014 წლებში უკვე დასრულდა ნაპირსამაგრი სამუშოები გურჯაანის რაიონში, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. ამჟამადაც მიმდინარეობს მდინარეთა ნაპირსამაგრი სამუშაოები.

რაც შეეხება გზებს, 2013-2014 წლებში რეგიონში დასრულდა 77 კმ გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, 2015 წელს კი დაგეგმილია მინიმუმ კიდევ 17 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია.

ახლა შევეხები სხვადასხვა პროექტს, რომლებიც უკვე განვახორციელეთ რეგიონში. ეს არის შიდა გზების რეაბილიტაცია; სატყეო გზის მოწყობა; შენობების რესტავრაცია და ტურისტული ზონის მოწყობა სოფელ დართლოში; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ნინოწმინდაში, უჯარმაში, დავით-გარეჯში, ძველ შუამთაში, ახალ შუამთაში, იყალთოში, გურჯაანში, ხირსაში, აგრეთვე ალავერდისა და ბოდბის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან; ახტალის კურორტის კომპლექსური აღდგენა; თელავში ბატონის ციხის რეაბილიტაცია; შენობების რესტავრაცია თელავსა და ყვარლის ცენტრალურ ნაწილში; თელავში ნადიკვარის პარკის რეაბილიტაცია.

ახლა რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, დღეისათვის კახეთში ხორციელდება ისეთი პროექტები, როგორიცაა დართლოს საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის მე-2 ფაზა; თუშეთის გზის უსაფრთხოების ღონისძიებები; სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფლების დამაკავშირებელი გზების მშენებლობა; თელავში ადმინისტრაციული შენობების რეკონსტრუქციისა და კაპიტალური შეკეთების სამუშაოები; გურჯაანში შიდა გზების აღდგენა; ქვევრის სკოლა-სახელოსნოს მშენებლობა იყალთოში; სამშენებლო ნარჩენებისგან თელავის შესასვლელის გასუფთვება; ,,თელავის ხევის" რეაბილიტაცია; თელავის ბატონის ციხის აღდგენის მე-2 ფაზა და სხვა", - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.