საქართველოს პარლამენტი ის ადგილი არ არის, სადაც სომხების გენოციდის აღიარების საკითხზე უნდა საუბრობდნენ

საქართველოს პარლამენტი ის ადგილი არ არის, სადაც სომხების გენოციდის აღიარების საკითხზე უნდა საუბრობდნენ

დეპუტატ მახირ დარზიევის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი ის ადგილი არ არის, სადაც სომხების გენოციდის აღიარების საკითხზე უნდა საუბრობდნენ.

როგორც დარზიევმა სამველ პეტროსიანის განცხადების პასუხად პლენარულ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული საკითხის განხილვა საქართველოს სახელწიფოებრივ და ეროვნულ ინტერესებში არ შედის.

"ისტორიული ფაქტი მეცნიერებმა უნდა შეისწავლონ, რომელთაც დოკუმენტური მტკიცებულებები ექნებათ. რასაც ვერ ვიტყვით ამ შემთხვევაზე, რადგან შესწავლილი არ არის, იმის მიუხედავად, რომ თურქულმა მხარემ დიდი ხანია გახსნა არქივები. თურქეთის მხარე საუბრობს იმაზე, რომ მათი დანაკარგები რამდენჯერმე აღემატება სომხური მხარის დანაკარგებს. არ მინდა ამ თემაზე ვისაუბრო, რადგან მივიჩნევ, რომ საქართველოს პარლამენტი მსგავსი განცხადებებისთვის შესაფერისი ადგილი არ არის. საქართველოს პარლამენტში ყველა საკითხი განხილული და გადაწყვეტილი უნდა იყოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოს მხრიდან გენოციდის აღიარება დაძაბავს ურთიერთობას მეზობელ თურქეთთან, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ნატოს წევრი ქვეყანაა. ამ საკითხის განხილვა საქართველოს სახელწიფოებრივ და ეროვნულ ინტერესებში არ შედის. ასევე არ ღირს დავივიწყოთ თანამედროვე კრიზისული სიტუაციები. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ნუ ჩავერთვებით აბსტრაქციულ პროცესებში, რომელიც საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის. მე, როგორც პარლამენტის წევრი და ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ვისურვებდი, მალე დამყარდეს კეთილმეზობლური ურთიერთობები თურქეთს, აზერბაიჯანს და სომხეთს შორის. ამისთვის საჭიროა უარი ითქვას მეზობელ ქვეყნებთან ტერიტორიულ პრეტენზიებზე", - განაცხადა მახირ დარზიევმა.

ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ პეტრიოსიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სომეხთა გენოციდის აღიარებისა და დაგმობის მოწოდებით გამოვიდა.

როგორც პეტროსიანმა განაცხადა, მომხდარის აღიარება საჭიროა იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი დანაშაული თავიდან იყოს აცილებული.