ყველას, ვინც ე.წ. კაბელების საქმე შეუკვეთა, მართლმსაჯულებაც და საზოგადოებაც პასუხს მოსთხოვს, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული ხუთი პირის წინასასამართლო სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.
გოგუაძის თქმით, დაკავებულების პატიმრობის აუცილებლობა არ არსებობს და მას იმედი აქვს, რომ თუკი სასამართლო დღეს მოასწრებს აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებული შუამდგომლობის განხილვას, ბრალდებულები გათავისუფლდებიან.
"ეს არის პოლიტიკური საქმე. ეჭვი არ გვეპარება და გვჯერა, რომ ეს ადამიანები არიან უდანაშაულოები და სასამართლო აუცილებლად დაადგენს მათ უდანაშაულობას. ყველას, ვინც შეუკვეთა აღნიშნული საქმე, საზოგადოება და მართლმსაჯულება აუცილებლად მოსთხოვს პასუხს. ბრალდებულების პატიმრობის აუცილებლობა არ არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი თავიდანვე თანამშრომლობდნენ პროკურატურასთან და თუკი დღეს მოესწრება შუამდგომლობის განხილვა, იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მათ გაათავისუფლებს", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების პროცესი დახურულ რეჟიმში დღეს განახლდა. წინასასამართლო სხდომაზე ამ წუთებში შესვენებაა გამოცხადებული. სხდომა 15:00 საათზე განახლდება.