"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფს ხელფასი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერიცხება. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის წევრები არიან დაქირავებული პროკურორები, რომლებიც ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების დაკვეთას.
"პროკურატურასთან მუშაობს საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფი. ამის თაობაზე პროკურატურამ არაერთხელ განაცხადა. ამ ჯგუფის წევრები არიან სერ ჯეფრი ნაისი, მოშე ლადორი, პოლ კაფი. პროკურატურამ განაცხადა, რომ ესენი არიან დამოუკიდებელი, კვალიფიციური ექსპერტები, რომლებიც თვალს მიადევნებენ საქართველოში მართლმსაჯულების პროცესს. მე მაქვს დოკუმენტი საიდანაც ირკვევა, რომ ეს ადამიანები არიან არა კვალიფიციური და დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც თავის დამოუკიდებელ და ობიექტურ აზრს დადებენ საქართველოში მართლმსაჯულების პროცესთან დაკავშირებით, არამედ ესენი არიან ჩვეულებრივი დაქირავებული პროკურორები, ზუსტად ისეთი პროკურორები, როგორიც არიან ბადაშვილი და შოთაძე და მთლიანად პროკურატურა, რომელიც დღეს ასრულებს მთავრობის პოლიტიკურ დაკვეთას და დღეს გამოყენებულია პოლიტიკურ იარაღად. ბიძინა ივანიშვილს მოვუწოდებთ, რომ სასწრაფოდ შეწყვიტონ ეს მასკარადი ან მათ ფული საკუთარი ჯიბიდან გადაუხადოს", - განაცხადა ნადირაშვილმა.
მისივე თქმით, მის ხელთ არსებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველთვიურად ამ სამი ადამიანის ხელფასისთვის ხარჯავს 35 000 დოლარს.
"ანუ ერთი წლის განმავლობაში ამ სამი ადამიანის ხელფასი სახელმწიფოს უჯდება დაახლოებით 1 მილიონი ლარი. ეჭვი გვაქვს, რომ მათი შენახვა კიდევ უფრო ძვირი ჯდება. არ ვიცით რა ჯდება მათი ფრენები და როგორია აქ ცხოვრების ხარჯი. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ხუშტურების შესასრულებლად იყიდა ეს პროკურორები არა საკუთარი ფულით, არამედ ჩვენი ბიუჯეტის სახსრებით. ამ თანხების ხარჯვა არის არაპრაგმატული, რადგან რაც არ უნდა დაწერონ ამ დაქირავებულმა პროკურორებმა, ისინი ცხადია ვეღარ შეცვლიან საერთაშორისო აზრს. არსებობს სახელმწიფო დეპარტამენტისა და ნატო-ს ასამბლეის განცხადებები, ევროსაბჭოს რეზოლუციები, ეუთო-ს დასკვნები და მათში ნათქვამია, რომ საქართველოში პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან, ყრიან ციხეებში", - განაცხადა ნადირაშვილმა.
მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს სურვილი შეხვდეს მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის წევრებს, თუმცა ამის საშუალებას პროკურატურა არ აძლევს.
"ჩვენ გამოვთქვით სურვილი, რომ შევხვედროდით ამ ადამიანებს. მივმართეთ საქართელოს პროკურატურას, რომ მოეწოდებინათ მათი რეკვიზიტები, რათა შევხვედროდით. ჩვენ გვინდოდა აგვეხსნა ამ პროკურორებისთვის, რომ ისინი ასრულებენ მთავრობის დაკვეთას, მათ იყენებენ როგორც პოლიტიკურ იარაღს, მაგრამ პროკურატურამ არ მოგვცა მონაცემები თუ როგორ შეიძლება ამ ადამიანებთან შეხვედრა", - განაცხადა ნადირაშვილმა.