ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ პეტრიოსიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სომეხთა გენოციდის აღიარებისა და დაგმობის მოწოდებით გამოვიდა.
როგორც პეტროსიანმა განაცხადა, მომხდარის აღიარება საჭიროა იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი დანაშაული თავიდან იყოს აცილებული.
"საკითხი ისტორიულად მნიშვნელოვანია. ჩვენ, სომხური თუ სხვა წარმოშობის მოუხედავად, საქართველოს მოქალაქეები ვართ. ერთი ქვეყნის შვილები ვართ და მშვიდობით და ერთიანობით უნდა ვიცხოვროთ. ამიტომ მნიშვნელოვანია ისტორიული მოვლენები სწორად იყოს შეფასებული. იმედი მაქვს, რომ სომხეთი და თურქეთი საერთო ენას გამონახავენ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. სწორედ ამისთვის მნიშვნელოვანია ისტორიის ადეკვატური შეფასება. ის, რაც ოსმალეთის იმპერიაში 100 წლის წინ მოხდა, დღემდე უდიდესი ტრამვაა სომეხი ხალხისთვის. სომეხთა გენოციდი აღიარა ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ევროსაბჭომ, ევროკავშირმა და სხვებმა, ასევე აშშ-მა და სხვა მოწინავე ქვეყნებმა. დარწმუნებული ვარ, ოდესმე შევძლებთ ისტორიის ამ უმძიმეს ფურცელზე საერთო პოზიციის ჩამოყალიბებას. გენოციდის დაგმობა ხელს შეუწყობს მომავლაში ყველა ერების დაცვას ასეთი დანაშაულებებისგან. დარწმუნებული ვარ, თავის დროზე დაგმობილი რომ ყოფილიყო სომეხთა გენოციდი, მსგავსი ტრაგედიები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არ მოხდებოდა. ასეთი დანაშაული არც ერთი ერის წინააღმდეგ არ უნდა განმეორდეს. მოვუწოდებ ყველა დემოკრატიულ ქვეყანას, სადაც ჯერ დაგმობილი და შეფასებული არ არის ეს ფაქტი, აღიაროს მოვლენა, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი დანაშაული ნებისმიერი ერის წინააღმდეგ", - განაცხადა სამველ პეტროსიანმა.