რიჩარდ ნორლანდი და თამარ სანიკიძე 203-ე სკოლა-პანსიონში იმყოფებოდნენ

რიჩარდ ნორლანდი და თამარ სანიკიძე 203-ე სკოლა-პანსიონში იმყოფებოდნენ

სმენადაქვეითებული და სმენის არმქონე მოსწავლეთა 203-ე სკოლა-პანსიონისთვის განხორციელებული პროექტის დასრულების ცერემონია გაიმართა , რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და საელჩოს სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ევროპული სარდლობის მიერ დაფინანსებული ჰუმანიტარული პროექტი ეხმაურება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას სათანადო პირობები შეუქმნას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, კერძოდ კი, ხელს უწყობს განათლების სამინისტროს 2014 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტის განხორციელებას – სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის სასწავლო პირობების გაუმჯობესებას.

აღნიშნული პროექტი მოიცავს სკოლისთვის სპეციალური ზარების ("ციმციმების") დამონტაჟებას, რაც ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია შენობის ადაპტირებისთვის სმენადაქვეითებული და სმენის არმქონე მოსწავლეებისთვის.

აშშ-ს ევროპულმა სარდლობამ დააფინანსა სკოლისთვის 28, 000 დოლარის ღირებულების ოთხასამდე ერთეული ავეჯისა და სასწავლო ინვენტარის, აგრეთვე ორი მიკრო-ავტობუსის გადაცემაც, რომელთა ღირებულებაც (ორივე ერთად) 49,000 აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტები, რომელიც განხორციელდა აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მიერ, ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას 163 სმენადაქვეითებული ბავშვისთვის და მუშაობას გაუადვილებს სკოლის 127 პერსონალს.

რაც შეეხება მომავალ პროექტებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობას იწყებს ჟესტური ენის სტანდარტსა და სპეციალურ პროგრამებზე, რომელიც სმენადაქვეითებულ და სმენის არმქონე მოსწავლეებს სწავლას გაუადვილებს. შესაბამისად, იგეგმება პირველი საფეხურის ჟესტური ენის სახელმძღვანელოს დონეების მიხედვით შექმნა. ასევე იგეგმება სტანდარტში სასკოლო მზაობის კლასის გათვალისწინება.

როგორც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, აშშ-ის ევროპის სარდლობას აქვს გარკვეული თანხები გამოყოფილი მსგავსი სამოქალაქო დახმარების პროექტებისთვის.

"ამ შემთხვევაში აშშ-ის ევროპული სარდლობის დაფინანსებით, შეერთებული შტატების არმიის ინჟინერთა კორპუსმა ამ სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება განახორციელა, რითაც სმენდაქვეითებული მოსწავლეების პირობები გაუმჯობესდა, დამონტაჟდა ციმციმები, რომლებიც მოსწავლეებს ატყობინებს გაკვეთილის დასრულებას, ასევე დაწყებას. ეს ხელს შეუწყობს ევაკუაციის პროცესს ხანძრის დროს.

მხარს ვუჭერთ ინკლუზიურ განათლებას და მიგვაჩნია, რომ შეზღუდული უნარის მქონე მოსწავლეებს თუ სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება სრულად იყვნენ ჩართული ქვეყნის საგანმანათებლო პროცესში. მრავალ ქვეყანაში გარკვეული სტიგმა არსებობს შეზღუდული უნარის მქონე ადამიანებთან მიმართებაში. ჩვენი გზავნილი კი ძალზე მარტივია – ყველასათვის სასარგებლოა თუ ყველა არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში", - განაცხადა ელჩმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის განცხადებით, ინკლუზიური განათლების კუთხით, მოხდა თანამშრომლობა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, აშშ-ის საელჩოს და 203-ე საჯარო სკოლას შორის.

"ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, როგორც ყოველთვის ჩვენს გვერდით აღმოჩნდნენ და დაგვეხმარნენ იმ მნიშვნელოვან საქმიანობაში, რომელსაც ჰქვია შენობის ადაპტირება, შესაბამისის ავეჯით და ინვენტარით აღჭურვა. სკოლას გადმოეცა ასევე სამარშრუტო ტაქსები, რომელიც ძალიან სჭირდებოდათ", - განაცხადა სანიკიძემ.