ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნით დასტურდება, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებმა სახელმწიფო თანხები გაფლანგეს , - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული 5 პირის წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა განაცხადა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა არგუმენტები ექნება ბრალდების მხარეს იმ შუამდგომლობაზე, რომლის მიხედვითაც ადვოკატები დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ, პროკურორმა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს გააჩნია დასაბუთებული არგუმენტები.
"აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ აღნიშნულ შუამდგომლობას არგუმენტირებულად ვუპასუხებთ, თუმცა საქმის მოცულობიდან გამომდინარე და იმ შუამდგომლობებიდან გამომდინარე, რომელიც უნდა დადგეს, ვფიქრობ, რომ დღეს ამ საკითხის განხილვა ვერ მოესწრება, - განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.
პროკურორის თქმით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე მტკიცებულებათა ნუსხას წარუდგენს სასამართლოს და მოითხოვს, რომ მისი ყველა მტკიცებულება დასაშვებად იქნეს ცნობილი.
პროკურორის შეფასებით, გაკეთებული განცხადებები, რომ ეს არის საქმე მტკიცებულებების გარეშე, სიმართლეს არ შეესაბამება.
"ერთმნიშვნელოვნად მინდა ვთქვა, რომ ეს არის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეფუძნება თავდაცვის სამინისტროდან მოპოვებულ ოფიციალურ დოკუმენტებს და ამ დოკუმენტებთან მიმართებაში ჩატარებულ კვლევის შედეგებს", - განაცხადა ნინო აღლემაშვილმა. მისივე თქმით, კვლევებში იგულისხმება აუდიტის ექსპერტების დასკვნაც, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულების ქმედებით მოხდა თანხების გაფლანგვა.
საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.