თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ კაბელების საქმის წინასასამართლო სხდომა დღეს კვლავ დახურულ რეჟიმში განახლდა. როგორც კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატმა, ლევან სამუშიამ განაცხადა, დახურულ რეჟიმში განიხილება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტაცია, რომელიც საქმეში არსებობს. ამის შემდეგ, ადვოკატის თქმით, პროცესი გაიხსნება.
ამასთან, ლევნა სამუშიამ არ გამორიცხა, რომ დღევანდელ სხდომაზე მოესწროს შუამდგომლობის დაყენების ეტაპიც. შესაბამისად, ადვოკატი დღესვე დააყენებს სასამართლოს წინაშე შუამდგომლობას მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლის თაობაზე.
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების საგულშემატკივროდ საქალაქო სასამართლოში მივიდნენ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები. როგორც მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, აღნიშნულ საქმეს პოლიტიკური სარჩული უდევს, რაც აღნიშნული პირების დაკავების დღიდან არაერთხელ დამტკიცდა.
მაია ფანჯიკიძის თქმით, ისევე, როოგრც თავისუფალი დემოკრატები, ასევე პარლამენტარები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაკავებულებს თავდებში უდგებიან.
სასამართლოში იმყოფება "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძეც, რომლის განცხადებითაც საქმეში არანაირი მოტივი და დანაშაულის ნიშნები არ ჩანს.
"ძალიან მრცხვენია იმის გამო, რომ რასაც ვებრძოდი წლების განმავლობაში წინა ხელისუფლების დროს, სამწუხაროდ იგივე ხდება. დღეს კიდევ მიწევს სასამართლოში სიარული. ეს ადამიანები მალე დატოვებენ ციხეს, დაუბრუნდებიან ოჯახებს, მაგრამ ეს ძალიან მძიმე ლაქად დარჩება ჩვენს ქვეყანას, ამ შემთხვევაში ამ ხელისუფლებას", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ე.წ. კაბელების საქმის წინასასამართლო სხდომას მოსამართლე დავით ჯუღელი განიხილავს. სხდომას ბრალდებული 5 პირიც ესწრება, რომლებსაც სახელმწიფოს ბიუჯეტის თანხების უკანონო მითვისება-გაფლანგვა ედებათ ბრალად.