პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, გალში ქართული ენის აკრძალვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ დასტურდება.
როგორც სესიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არის მხოლოდ ცალკეული შემთხვევები, სადაც პედაგოგები საუბრობენ ამასთან დაკავშირებით, თუმცა შემთხვევების რაოდენობა არის მცირე. სესიაშვილის განცხადებით, რა თქმა უნდა, ასეთი რისკები ზოგადად არსებობს, რადგან ოკუპაციის პირობებში აფხაზეთთან ერთად რუსეთი ებრძვის ქართულ-აფხაზური ურთიერთობის გამოვლინებებს.
"არავის დაავიწყდეს რომ თუ ვინმე დღეს აფხაზურ ენას იცავს, არის ჩვენი სახელმწიფო. თბილისში არის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც მეცნიერულ დონეზე მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ აფხაზური ენა დავიცვათ და შევინარჩუნოთ", - განაცხადა სესიაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, გალში ქართული ენის სწავლება სექტემბრიდან აიკრძალება. ქართული ენის სწავლების აკრძალვაზე გავრცელებული ინფორმაცია განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ უარყო.
"ინფორმაცია ამ სახით, რომ სექტემბრიდან აიკრძალება ქართული ენის სწავლება გალის სკოლებში, არ დასტურდება. რესურსცენტრთანაც გვქონდა ურთიერთობა და გვქონდა პედაგოგებთან და სკოლის წარმომადგენლებთან, ვისგანაც შეიძლებოდა, ამ საკითხის შესახებ კოკნკრეტული პასუხები მიგვეღო. საბედნიეროდ, ისინი ამ ფაქტს არ ადასტურებენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ასეთი ფაქტი შეიძლება", - განაცხადა განათლების მინისტრმა.