ევროკავშირი ღიად ტოვებს წევრად შესვლის არჩევანს პარტნიორი ქვეყნებისთვის და განსაკუთრებით ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრებისთვის , - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგოტ ვალსტრომმა დანიის, პოლონეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამით მარგოტ ვალსტრომმა საქართველოს ევროპერსპექტივასთან და რიგის სამიტის მოლოდინებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
"ჩვენ რასაკვირველია ველით, რომ საქართველო არის თავისუფალი თავის არჩევანში. მან უნდა შეასრულოს გარკვეული მოთხოვნები იგივე სასამართლო სისტემის რეფორმირების დარგში, მიგრაციის საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით. ჩვენი სიგნალი არის ასეთი, რომ რეალისტური უნდა იყოს მოლოდინი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირი ღიად ტოვებს წევრად შესვლის არჩევანს ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის და განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებისთვის", - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გჟეგოჟ სხეტინამ კი აღნიშნა, რომ იმედოვნებენ, რომ საქართველოც იგივე გზას გაივლის ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რაც მოლდოვამ გაიარა, იმიტომ ეს არის სწორი გეზი.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ მისწრაფებას და რასაკვირველია დავეხმარებით, რომ მზად იყოს ამ პროცესებისათვის. იმედი გვაქვს, რომ რიგის სამიტი იქნება სწორედ ის ნიშანსვეტი, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აღმოსავლეთ პარტნიორობის სფეროში", - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.