მარტინ ლიდეგორდი:   ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ ოკუპაციები არ დაკანონდეს

მარტინ ლიდეგორდი: ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ ოკუპაციები არ დაკანონდეს

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მარტინ ლიდეგორდის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ არ დაკანონდეს ოკუპაციები.

ამის შესახებ მარტინ ლიდეგორდმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის, შვედეთის და საქართველოს საგარეო მინისტრებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამით ლიდეგორდი ოკუპირებულ ტერიტორიებთან რუსეთის მიერ გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას გამოეხმაურა. კითხვაზე, თუ რა შეუძლია ევროკავშირს გააკეთოს, რომ არ მოხდეს ამ ტერიტორიების ანექსია, ლიდეგორდმა განაცხადა, რომ ამ მსგავსი პრობლემების წინაშე დგას მოლდოვა, უკრაინა და ეს არ არის მისაღები.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეცდებით და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ არ დაკანონდეს ოკუპაციები. ძალიან მკაცრი ხელით განვახორციელებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. თუ ვერ დავინახავთ პოზიტიურ შედეგებს, სანქციებს გავზრდით. თუ გამოსწორდება სიტუაცია, შევასუსტებთ. ვეცდებით დავანახოთ რუსეთს, რაოდენ მოიგებს ქვეყანა თუკი ის შევა გაცილებით კონსტრუქციულ თანამშრომლობაში ევროკავშირთან", - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი არ არის რაიმე სამხედრო გაერთიანება.

"ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ძალიან ძლიერი პარტნიორი რუსეთთან, მაგრამ არა იმ ფონზე როდესაც მას უკანონო ოკუპაციები აქვს განხორციელებული მთელ რიგ ქვეყნების მიმართ. მე ვფიქრობ, დრო არ მუშაობს რუსეთის ეკონომიკის სასარგებლოდ, პირიქით, ყოველი დღე აზიანებს მას სანქციებით დატვირთული", - განაცხადა მარტინ ლიდეგორდმა.