აშშ შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ირანისთვის S-300-ის სისტემის შესაძლო გადაცემის გამო

აშშ შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ირანისთვის S-300-ის სისტემის შესაძლო გადაცემის გამო

აშშ შეშფოთებულია რუსეთის მიერ ირანისთვის თავდაცვითი საჰაერო სისტემა S-300-ის შესაძლო გადაცემის გამო. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი , ჯონ კერი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს ესაუბრა.

ვაშინგტონის განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილებამ ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ საერთაშორისო ექვსეულის მოლაპარაკებები შესაძლოა, კიდევ უფრო გაართულოს.

რუსეთმა ირანისთვის S-300-ის სისტემის მიყიდვის შესახებ შეთანხმებას 2007 წელს მიაღწია, თუმცა, 2010 წელს შეთანხმება დაბლოკა მას შემდეგ, რაც გაერო-მ ირანის წინააღმდეგ ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ახლა კი აღნიშნული ემბარგო მოსკოვმა გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა შესაძლოა, ნებისმიერ დროს მიაწოდოს თეირანს თავდაცვითი საჰაერო სისტემა.

მოსკოვის გადაწყვეტილებას ირანის მთავრობა მიესალმა და მას რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტია უწოდა.

S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემაა, რომელის დახმარებითაც შესაძლებელია რამდენიმე სამიზნის განადგურება, ასევე რაკეტების ჩამოგდება.