დანიის, შვედეთის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი ვიზიტი ნათელი დასტურია იმისა, რომ ეს ქვეყნები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს , ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა დანიელ, შვედ და პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თამარ ბერუჩაშვილმა კოლეგებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მათი სოლიდარობა და მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია.
"მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ძვირფას სტუმრებს - დანიელ, პოლონელ და შვედ კოლეგებს თბილისში ჩამობრძანებისთვის. მინდა მივესალმო მათ ერთად, როგორც ქვეყნების წარმომადგენლებს, რომელთაც გამოხატეს საერთო მხარდაჭერა, სოლიდარობა და თანადგომა საქართველოს ევროპული, ევროატლანტიკური არჩევანის მიმართ. ასევე მინდა მივესალმო მათ ინდივიდუალურად, როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებთანაც წლების განმავლობაში საუკეთესო თანამშრომლობა გვაკავშირებს, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით და საქართველოში რეფორმების მხარდაჭერის კუთხით. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარნიორობის" ინიციატორი ქვეყნების – შვედეთისა და პოლონეთის მინისტრების და მათთან ერთად დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი. მისასალმებელია, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატორი ქვეყნების დუეტს დღეს დანიაც შეემატა.
საგარეო საქმეთა მინისტრების ეს ერთობლივი ვიზიტი საქართველოსადმი, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნისადმი სოლიდარობის კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულებაა, განსაკუთრებით მიმდინარე წლის მაისში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის წინ. ერთობლივი ვიზიტი ნათელი დასტურია იმისა, რომ ეს ქვეყნები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, იზიარებენ საქართველოს ძალისხმევას, რომელიც წარმატებული თანამშრომლობის კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოსა და პოლონეთს შორის დღეს გასაფორმებელ მემორანდუმზეც ისაუბრა და განმარტა, რომ შეთანხმება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სრულიად ახალ ფორმატს დააფუძნებს.
"მტკიცე მხარდსჭერის ნათელი მაგალიათია ისიც, რომ დღეს ჩემ პოლონელ კოლეგასთან ერთად ჩვენ ხელს მოვაწერ მემორანდუმს, რომელიც აფუძნებს თბილისის დეკლარაციას. ეს არის თანამშრომლობის სრულიად ახალი ფორმატი, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში პოლონეთის როლის ამაღლებას და გამოცდილების გაზიარებას ყველა მიმართულებით", - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.