საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან და ქალიშვილთან ერთად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შეხვდა. ქვეყნის პირველი პირი ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორესთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მივიდა. სახელმწიფოს მეთაური სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ეპისტოლე მოისმინა და მრევლს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
„ ქრისტე აღსდგა, გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღესასწულს და იმედი მაქვს, რომ დღეიდან კიდევ უფრო ლამაზი და ბედნიერი გახდება ჩვენი ცხოვრება. ჩვენც მეტ სიკეთეს გავცემთ ერთმანეთის მიმართ."_ განაცხადა პრეზიდენტმა
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე სააღდგომო ეპისტოლეზეც ისაუბრა.
„ პატრიარქმა ყურადღება ისეთ თემებზე გაამახვილა რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. უხეშობა, სიტყვით მეორე ადამიანის შეურაცხყოფა, საიდანაც იწყება ალბათ ყველა სხვა აგრესია. ძალიან საინტერესო იყო, რომ სიტყვის მნიშვნელობაც აღინიშნა. მთავარი არის, რომ თუ სიტყვას მოვუარეთ, სიტყვა თუ დავთრგუნეთ, შემდეგ ქმედებებშიც ნაკლებად ბოროტები ვიქნებით. ალბათ ყველაზე მეტად აქ პოლიტიკოსები ვაშავებთ და მეც შევეცდები, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო თავშეკავებული ვიყო ჩემს გამოთქმებში და ნაკლები აგრესია მქონდეს. პატრიარქი ყოველთვის თანამედროვეა მნიშვნელოვანი თემების თავის ინტერპრეტაციაში. ასე რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ეპისტოლე იყო."_ აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები ეკონომიკურ და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და თენგიზ ფხალაძე იმყოფებოდნენ.