"ვია დოლოროსას" მსვლელობაში ქართველი მომლოცველებიც მიიღებენ მონაწილეობას

წითელ პარასკევს იერუსალიმის ძველ უბანში "ვია დოლოროსას" გზაზე მსვლელობაში საქართველოდან ჩასული მომლოცველებიც მიიღებენ მონაწილეობას.

წითელ პარასკევს იერუსალიმში, ტრადიციისამებრ "ვია დოლოროსას" გზაზე მსვლელობა მოეწყობა. მასში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ქრისტიანები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის საქართველოდან ჩასული მორწმუნეებიც.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, მაცხოვარმა ჯვარცმამდე "ვია დოლოროსას" გზა გაიარა. მარშრუტი ძველი იერუსალიმის ერთ-ერთი კარიბჭიდან იწყება და 600 მეტრის დაშორებით მაცხოვრის აღდგომის ტაძართან სრულდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, საპატრიარქოდან იერუსალიმში 60-მდე მომლოცველი გაემგზავრა.

მომლოცველები საქართველოდან იერუსალიმში კერძო ტურისული კომპანიების მეშვეობითაც ჩავლენ.

უფლის აღდგომის ტაძარში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მომლოცველები წელს ცეცხლის გადმოსვლას 11 აპრილს ელოდებიან. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო ლოცვებს შეასრულებს.

ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ წმინდა ცეცხლს საქართველოში მომლოცველთა ჯგუფი ხვალ გვიან ღამით ლიტანიობისთვის ჩამოაბრძანებს და ტაძრებში განაწილდება.

ზეციური ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ მართლმადიდებელი სამყარო წელს აღდგომის დღესასწაულს 12 აპრილს იზეიმებს.

მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.