საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, იტალიაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის თამარ ტრაპაიძის გადმოსვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო თავის თავზე აიღებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი უკვე პირადად ესაუბრა გარდაცვლილის ოჯახის წვერებს და ინფორმაცია მიაწოდა თამარ ტრაპაიძის სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. "საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ მოხდება გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
იტალიაში საქართველოს მოქალაქე, 31 წლის თამუნა ტრაპაიძე ძლიერი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, თამუნა ტრაპაიძე ერთ-ერთ მოხუცთან მომვლელად მუშაობდა. ინტოქსიკაციის მიზეზად სახლში კედლების შეღებვა სახელდება.
როგორც იტალიური მედია წერს, მოხუცის მომვლელმა უამინდობის გამო შეღებილი ოთახები ვერ გაანიავა, რის გამოც მოიწამლა. ექიმთან წასვლა ვერ შეძლო იმის გამო, რომ დოკუმენტები არ ჰქონდა. ამიტომაც სახლის პირობებში გადაწყვიტა, რძე დაელია. წინასწარი ვერსიით, გოგონას მდგომარეობის გაუარესება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია, რაც ფატალურად დასრულა.
გოგონა გარდაცვლილი თავად მოხუცმა იპოვა. გამოძიება დაწყებულია.