პრემიერი შს-ს და პროკურატურას მიმართავს, ყველაფერი გააკეთონ ბესო ხარძიანის მკვლელობის უმოკლეს დროში გამოსაძიებლად

პრემიერი შს-ს და პროკურატურას მიმართავს, ყველაფერი გააკეთონ ბესო ხარძიანის მკვლელობის უმოკლეს დროში გამოსაძიებლად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას, ყველაფერი გააკეთონ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმის უმოკლეს დროში გამოსაძიებლად. ამის შესახებ ნათქვამია პრემიერის განცხადებაში. ირაკლი ღარიბაშვილი ბესო ხარძიანის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის გამო და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს.

იმედი მაქვს, რომ ამ უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ძალიან მალე გასცემს პასუხს ყველა კითხვას.

მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას, გააკეთონ ყველაფერი ამ საქმის უმოკლეს დროში გამოსაძიებლად, რათა დამნაშავეები დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით", -ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ბიზნესმენ ბესო ხარძიანს გუშინ, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ესროლეს. ბესო ხარძიანი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით თავის, გულმკერდისა და მუცლის მიდამოში გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა.